სამწლიანი ხელშეკრულება „ვალენსიასთან“ – ევროტურნირზე ესპანელებს „საბურთალოს“ მოთამაშეები დაეხმარებიან #1TVSPORT
სამწლიანი ხელშეკრულება „ვალენსიასთან“ – ევროტურნირზე ესპანელებს „საბურთალოს“ მოთამაშეები დაეხმარებიან #1TVSPORT

„საბურთალოს“ ხელმძღვანელობის მიერ დაანონსებული თანამშრომლობა უკვე ფაქტია – თბილისურმა კლუბმა „ვალენსიასთან” 3-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა და მხარეებმა კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერეს.

„აღნიშნული პროექტი მრავალმხრივი იქნება. „ვალენსიას“ „საბურთალოში“ წარმომადგენელი ეყოლება, რომელიც პროცესებს უშუალოდ უხელმძღვანელებს. ამავდროულად, კლუბებს შორის მოხდება გაცვლითი პროგრამა, ცოდნას გაიღრმავებენ მწვრთნელები, ნიჭიერი ბავშვები გაემგზავრებიან სტაჟირებაზე, ასაკობრივი გუნდები ითამაშებენ საერთაშორისო ტურნირებში, კლუბისა და აკადემიის ხელმძღვანელებს შორის იქნება მუდმივი კომუნიკაცია“, – წერია თბილისური კლუბის განცხადებაში.

საქართველოს პირველი არხის ცნობით, ამ ხელშეკრულებით „საბურთალოს“ ეროვნულ ლიგასა და ევროტურნირებზე „ვალენსიას“ ახალგაზრდული გუნდის 4 მოთამაშე დაემატება. თანამშრომლობა ამავე დროს გულისხმობს შემდეგს – თუკი „ვალენსია“ ახალგაზრდა მოთამაშით დაინტერესდება, შესაძლოა, პრაქტიკისთვის თბილისურ კლუბში გამოუშვას.

პარტნიორობის დაწყებაზე კომენტარი „საბურთალოს“ დამფუძნებელმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა გააკეთა.

„ჩვენი კლუბისთვის ტრადიციად ჩამოყალიბდა ესპანურ კლუბებთან თანამშრომლობა. გარდა ამისა, კლუბში მუშაობდნენ ესპანელი მწვრთნელები, მენეჯერები და ფეხბურთელები. რაც შეეხება ახალ თანამშრომლობას – „ვალენსია” დიდი ტრადიციების მქონე, ძალიან ძლიერი და წარმატებული კლუბია. გადამწყვეტი ფაქტორი, მათი საქმისადმი მიდგომა და პროფესიონალიზმი აღმოჩნდა. თანამშრომლობა იქნება მრავალმხრივი – დიდი ყურადღება მიექცევა აკადემიას, მოხდება გაცვლითი პროგრამა, ცოდნას გაიღრმავებენ მწვრთნელები, სტაჟირებაზე გაემგზავრებიან ნიჭიერი ფეხბურთელები, იქნება მუდმივი კომუნიკაცია აკადემიისა და კლუბის ხელმძღვანელებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტი 3-წლიანია, მჯერა თანამშრომლობა უფრო ხანგრძლივი იქნება“, – ამბობს ტარიელ ხეჩიკაშვილი.

„საბურთალოს“ დამფუძნებელმა ესპანელების მიმართ მადლიერება გამოხატა.

„სასიამოვნოა, რომ „საბურთალოსა“ და „ვალენსიას“ ხედვები ერთმანეთს დაემთხვა. ვისარგებლებ შემთხვევით და ესპანური გუნდის ხელმძღვანელობას მადლობას გადავუხდი. ძალიან კარგი დახვედრა მოგვიწყეს, ყველაფერი მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული. მჯერა, ჩვენი თანამშრომლობა ორივე კლუბისთვის ნაყოფიერი და წარმატებული იქნება“.