„ვალენსიას“ მწვრთნელი - მამარდაშვილმა მოლოდინს გადაჭარბა, მაგრამ დატვირთვებმა მასზე ცუდად იმოქმედა #1TVSPORT
„ვალენსიას“ მწვრთნელი - მამარდაშვილმა მოლოდინს გადაჭარბა, მაგრამ დატვირთვებმა მასზე ცუდად იმოქმედა #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის მე-7 ტურის შეხვედრას ბილბაოს „ატლეტიკთან“ „ვალენსიას“ სათადარიგოთა სკამიდან მიადევნა თვალი. ეს ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონზე პირველი შემთხვევა იყო. მანამდე საქართველოს ნაკრების მეკარემ ყველა შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა.

გიორგის სათადარიგოდ გადაყვანის მიზეზები „მესტალიელების“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა განმარტა.

„მამარდაშვილის ჩვენთან მოსვლის ისტორია ყველამ იცის. მან მოლოდინს გადააჭარბა და ამიტომაც ვათამაშებდით. მაგრამ ალბათ ბოლო შეხვედრებში დიდი გავლენა მოახდინა იმ დიდმა დატვირთვებმა და პასუხისმგებლობამ, რაც ლა ლიგაშია“, – განაცხადა ხოსე ბორდალასმა.

„ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა ქართველი მეკარის გამხნევება სცადა, რომელმაც ბოლო ორ მატჩში მადრიდის „რეალთან“ და „სევილიასთან“ შეცდომები დაუშვა.

„ის ახალგაზრდა მეკარეა და დიდი მომავალი აქვს. ბოლო ორი მარცხის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ დადგა დრო, კარში სილესენი ჩამდგარიყო. მან კარგად ითამაშა და გუნდი რამდენჯერმე გადაარჩინა, მათ შორის, ბოლო წუთებზე“, – ამბობს ბორდალასი.

ლა ლიგის მე-7 ტურში „ვალენსია“ საკუთარ მოედანზე ბილბაოს „ატლეტიკს“ შეხვდა და ქულა მოიპოვა – 1:1.