ესპანელი ჟურნალისტი - მამარდაშვილი ჯერ 20 წლისაა და სწავლობს #1TVSPORT
ესპანელი ჟურნალისტი - მამარდაშვილი ჯერ 20 წლისაა და სწავლობს #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილის შესახებ გამოქვეყნებულ წერილში, ესპანური გამოცემა deportevalenciano-ს ჟურნალისტი, ტონი ერნანდესი გულშემატკივრებს მოუწოდეს, რომ „სევილიასთანმატჩის ჩაგდებისთვის „ვალენსიას“ 20 წლის მეკარეს მომავალს ნუ გაუნადგურებენ.

ავტორის აზრით, ქართველმა მეკარემ უნდა დაივიწყოს „სევილიასთან“ პირველ ტაიმში დაშვებული ორი დასანანი შეცდომა, რადგან ეს ყველაფერი მისი კარიერის და ვარჯიშების ნაწილია.

„გიორგი მამარდაშვილი გახდა ანტიგმირი სევილიაში „ვალენსიასთვის“. ყოველ შემთხვევაში, პირველ ტაიმში. ორმა სერიოზულმა შეცდომამ, განსაკუთრებით მეორე გოლისას, დატოვა ძალიან უარყოფითი სურათი. სოციალური ქსელები აივსო შეფასებებით და მოთხოვნებით, რომ კარში დაუყოვნებლივ სილესენი დადგეს. ეს ისეთივე დაჟინებით ხდებოდა, როგორითაც მხოლოდ ერთი თვის წინ ითხოვდნენ ნიდერლანდელის გუნდიდან გაშვებას. ეს ბიჭი კი 20 წლისაა, სწავლობს, დიახ, სწავლობს, რადგან ამ ასაკში მეკარე სულ ვარჯიშშია“, – წერს გამოცემა.

deportevalenciano-ს ჟურნალისტის თქმით, ქართველ მეკარეზე ახლა ყველა ცუდს იხსენებს.

„რა თქმა უნდა. გიორგიმ შეცდომები დაუშვა და მშვენიერი ნახტომებიც გააკეთა. 6 თამაშში ჩვენ ყველაფერი ვნახეთ, მაგრამ როდესაც ამხელა რისკზე მიდიხარ უნდა იცოდე, რომ რაღაცები შეიძლება მოხდეს. თუკი ერთ დღეს მამარდაშვილი დიდი მეკარე გახდება, ის ალბათ შეძლებს ამ რყევების დაძლევას“.

ავტორი თვლის, რომ „ვალენსიას“ მწვრთნელი ახლა ვისზეც ფსონს დადებს, ის იქნება საუკეთესო.

„გულწრფელად გითხრათ, მე მაინც იმისკენ ვარ, რასაც ბორდალასი გადაწყვეტს. ვფიქრობდი, რომ მეკარის შეცვლა მოხდებოდა მე-2 ან მე-3 ტურში, მაგრამ ამის შემდეგ ისიც ცხადი იყო, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით, რომ ეს უფრო დიდი ხნის შემდეგ მოხდებოდა. ახლა მის შეცვლას უდავოდ მოჰყვება რაიმე შედეგი. მაგრამ ვიმეორებ, აქ უფროსი არის გუნდის მწვრთნელი და ის, ვისზეც შაბათს დადებს ფსონს, იქნება „ვალენსიაში“ საუკეთესო. ამას ვამბობ მათთვის, ვისაც ძალიან უყვარს მითითებები“.