უზბეკური ოცნების გუნდი - არველაძის „ფახთაქორი“ ცენტრალური აზიის ყველაზე პროგრესული კლუბია
უზბეკური ოცნების გუნდი - არველაძის „ფახთაქორი“ ცენტრალური აზიის ყველაზე პროგრესული კლუბია

გამოცემა sports.ru-მ წერილი მიუძღვნა ტაშკენტის „ფახთაქორს“ , რომელსაც შოთა არველაძე ავარჯიშებს. ცხადია, პუბლიკაციის დიდი ნაწილი სწორედ ქართველ მწვრთნელს ეხება.

„როგორც კი არველაძე გახდა „ფახთაქორი​ს“ მთავარი მწვრთნელი, მან დაუყოვნებლივ გამოკვეთა მუშაობის ძირითადი პრინციპები, განმარტა, რომ შედეგი არ იქნება სწრაფი და თავისი სამწვრთნელო გუნდი მოიყვანა. გარდა ამისა, არველაძემ პირადად გაამახვილა ყურადღება კლუბის აკადემიაზე. დანამდვილებით არ არის ცნობილი, ეს მისი უშუალო პასუხისმგებლობის ნაწილია თუ არა, მაგრამ ქართველმა სპეციალისტმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მეტი ყურადღება მიექცია აკადემიისთვის“, – წერს გამოცემა.

ჟურნალისტი პარალელს ავლებს უზბეკეთში ნამუშევარ სხვა უცხოელ მწვრთნელებთან, რომლებიც საქმეს ასეთი მონდომებით არ აკეთებდნენ:

„შედარებისთვის, ლუიშ ფელიპე სკოლარი, „ბუნიოდკორის“ მწვრთნელობისას, თითქმის სულ შვებულებაში იყო, ზიკომ ისევე მოულოდნელად დატოვა გუნდი, როგორც მოულოდნელად მივიდა. ქართველმა სპეციალისტმა, ბრაზილიელთა ფონზე, თავი გამოიჩინა, როგორც მწვრთნელმა, რომელიც ფულისთვის არ მისულა. 2017 წელს არველაძემ გუნდი შუა სეზონში ჩაიბარა და ყოველ სეზონზე, მაყურებელს საინტერესო ტაქტიკური გადაწყვეტილებებით უფრო და უფრო ხშირად აოცებდა. ამავე დროს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სანამ არველაძე მივიდოდა, გუნდი ჩემპიონატის საშუალო რანგის კლუბი იყო. სეზონის ბოლოს – კლუბმა დაიკავა მესამე ადგილი. 2017 წელს ბრინჯაო მოიპოვა, 2018 წელს – ვერცხლი, ხოლო ბოლო ორი წელი გუნდი ჩემპიონი გახდა და დიდი ალბათობით, მომავალ წელსაც არ დათმობს ტიტულს“.

გამოცემა ყურადღებას არველაძის დიპლომატიურ ნიჭზეც ამახვილებს:

„აღსანიშნავია „ქასიმფაშადან“ მისი გათავისუფლება: ეს მოხდა თურქეთის ჩემპიონატის მატჩის შემდეგ, რომელშიც მისმა გუნდმა გაიტანა გოლი მაშინ, როდესაც მეტოქეს მოედანზე ტრავმირებული ფეხბურთელი ჰყავდა. არველაძემ ეს არასპორტულად მიიჩნია და თავის ფეხბურთელებს დაავალა, ბურთი საკუთარ კარში გაეშვათ. არველაძეს ახასიათებს დიპლომატია, რომლის წყალობითაც ის ხშირად ლაპარაკობს უზბეკური ფეხბურთის პრობლემებზე. მაგრამ ამას აკეთებს კონსტრუქციულად და ყოველთვის საქმეზე ფიქრით, რაც ევროპული მიდგომისა და აზროვნების შედეგია“.