უზბეკეთის მთავრობის წარმომადგენლებმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა დაათვალიერეს
უზბეკეთის ვიცე-პრემიერმა, ელიორ განიევმა, ტანსპორტის მინისტრის მოადგილე დავრონ დეხკანოვთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ ალექსანდრე მოწერელიასთან და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის წარმომადგენლებთან ერთად, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა და ანაკლია დაათვალიერა.
როგორც უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილემ დავრონ დეხკანოვმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, სატრანსპორტო თვალსაზრისით საქართველოსა და უზბეკეთს დიდი პოტენციალი აქვთ, ანაკლიის პორტს აქვს მნიშვნელობა როგორც საქართველოსთვის, ისე მთელი რეგიონისთვის.
„შევისწავლით ჩვენს მონაწილეობას ამ პროექტებში. ახლა მთავარია იმის ცოდნა, თუ რა შესაძლებლობები აქვს ფოთის ტერმინალს და ანაკლიის პორტს. შესწავლის პროცესში ვართ და შემდეგ ჩვენს აზრს ჩამოვაყალიბებთ. რა თქმა უნდა, ახლა მიმდინარეობს საუბარი აბრეშუმის გზაზე და შეუძლებელია მისი განხილვა შავი ზღვის დიდი პორტების გარეშე, რადგან ესეც აბრეშუმის გზის დიდი ნაწილია. ვფიქრობ, არის ძალიან ბევრი ტრანსკონტინენტური მარშრუტი, მაგრამ ყველა ამ გზის განვითარებას აქვს პერსპექტივა. ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო და სატრანსპორტო კორიდორებს და გვინდა, ჩამოვყალიბდეთ, რომელია ჩვენი ტვირთებისთვის ყველაზე უსაფრთხო კორიდორი“, – განაცხადა უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილემ, დავრონ დეხკანოვმა.