უკრაინის საგარეო უწყება - რუსეთმა კვლავ უგულებელყო საერთაშორისო სამართლის ნორმები და პრინციპები
უკრაინის საგარეო უწყება - რუსეთმა კვლავ უგულებელყო საერთაშორისო სამართლის ნორმები და პრინციპები

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულ კიბერშეტევას ეხმაურება.

„რუსეთმა კვლავ უგულებელყო საერთაშორისო სამართლის ნორმები და პრინციპები. უკრაინა რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდამჭერი და მოუწოდებს პასუხისგებაში მიეცეს ის, ვინც განზრახ აორგანიზებს და ახორციელებს კიბერშეტევებს“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ „ტვიტერში“ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში  განაცხადეს, რომ 2019 წლის ოქტომბერში საქართველოში კიბერშეტევა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა განახორციელა.

საქართველოში მასშტაბური კიბერშეტევა 2019 წლის 28 ოქტომბერს განხორციელდა. პრობლემები შეექმნა ასობით საიტს, მათ შორის, საქართველოს პირველი არხის ვებპორტალს და შიდა ქსელს. დროებით შეფერხდა საქართველოს რადიოს მაუწყებლობა. ასევე, გაითიშა რამდენიმე ტელევიზია და სხვადასხვა ვებპორტალი.

კიბერშეტევა განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზეც. ვებგვერდების გახსნისას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტო გაჩნდა, წარწერით – „მე დავბრუნდები“ (I’ll be back).

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვადასხვა ვებგვერდზე განხორციელებულ კიბერშეტევაზე გამოძიება 284-ე და 286-ე მუხლებით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევასა და კომპიუტერული მონაცემების ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფას გულისხმობს.

დატოვე კომენტარი