უკრაინის პრემიერი ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა
უკრაინის პრემიერი ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა

​უკრაინა-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის წინ, უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა.

ამის შესახებ უკრაინის მთავრობის მეთაურმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა.

„ერთმანეთს გავუზიარეთ მომავალი სხდომის მოლოდინები და განვიხილეთ თანამშრომლობის პერსპექტივები. ველოდებით ევროკავშირთან კონკრეტული ვადების შეთანხმებას, ასოცირების შეთანხმების მიზნების მიღწევისთვის ყოვლისმომცველი მიმოხილვის პროცესის დასაწყებად. შეთანხმების განხორციელება ხომ უკრაინისა და ევროკავშირის ეკონომიკების დაახლოების საფუძველია. ველოდებით, რომ ასოცირების საბჭოს სხდომა უკრაინის ევროკავშირში ეკონომიკური ინტეგრაციის პროგრესს ხელს შეუწყობს. მადლობა გადავუხადე ბატონ მიშელს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერაში შეტანილი პირადი წვლილისთვის“, – წერს უკრაინის პრემიერი.

როგორც დენის შმიგალმა აღნიშნა, შარლ მიშელი მას წელს უკრაინაში ჩასვლას დაპირდა. უკრაინის პრემიერის თქმით, ეს ევროკავშირის უკრაინისადმი მხარდაჭერის კიდევ ერთი დადასტურება იქნება.

უკრაინა-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა 11 თებერვალს გაიმართება.