უკრაინის პორტებიდან სიმინდითა და სხვა საკვები პროდუქტებით დატვირთული კიდევ ოთხი სატვირთო გემი გავიდა
უკრაინის პორტებიდან სიმინდითა და სხვა საკვები პროდუქტებით დატვირთული კიდევ ოთხი სატვირთო გემი გავიდა

უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან კიდევ ოთხი სატვირთო გემი გავიდა, რომლებზეც 170 000 ტონა სიმინდი და სხვა საკვები პროდუქტებია დატვირთული. როგორც „როიტერი“ უკრაინის ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს, უახლოეს მომავალში იგეგმება, რომ ქვეყნის პორტები თვეში სულ მცირე 100 სატვირთო ხომალდს მოემსახუროს.

ხომალდი „გლორი“, რომელზეც 66 000 ტონა სიმინდია დატვირთული, თურქეთის ქალაქ ისქენდერუნისკენ მიემართება. გემს, სახელწოდებით „სთარ ჰელენა“ 45 000 ტონა საკვები პროდუქტი ჩინეთისკენ მიაქვს, 6 000 ტონა მზესუმზირის ზეთით დატვირთული ხომალდი „მუსტაფა ნეჯატი“ კი იტალიისკენ მიდის.

უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ უცხო ქვეყნის დროშით მცურავი ხომალდი „ფულმარ ესი“, რომელიც უკრაინის ტერიტორიულ წყლებში პირველი შევიდა, მზად არის დასატვირთად.

რუსეთსა და უკრაინას შორის მარცვლეულის ექსპორტის განბლოკვის შეთანხმება თურქეთისა და გაერო-ს შუამავლობით იქნა მიღწეული.