უკრაინის გენშტაბის ცნობით, უკრაინის არმიამ ლისიჩანსკი დატოვა
უკრაინის გენშტაბის ცნობით, უკრაინის არმიამ ლისიჩანსკი დატოვა

უკრაინის არმიამ ქალაქი ლისიჩანსკი დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის არმიის გენშტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, არტილერიაში, ავიაციაში, სარაკეტო სისტემებში, საბრძოლო მასალასა და პერსონალში რუსული საოკუპაციო ძალების მრავალჯერადი უპირატესობის პირობებში, ქალაქის თავდაცვის გაგრძელება ფატალურ შედეგებამდე მიიყვანდა ჯარისკაცებს, რის გამოც, უკრაინელი სამხედროების სიცოცხლის გადასარჩენად, ქალაქიდან მათი გაყვანა გადაწყდა.

„უკრაინელი დამცველები აგრძელებენ ბრძოლას, თუმცა წარმატებისთვის ძლიერი ნებისყოფა და პატრიოტიზმი საკმარისი არ არის – საჭიროა მატერიალური და ტექნიკური რესურსები. ლუგანსკის ოლქისა და ჩვენი ქვეყნის სხვა რეგიონების დამცველები გმირულად ასრულებენ თავიანთ სამოქალაქო და სამხედრო მოვალეობებს. ჩვენ დავბრუნდებით და აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ლისიჩანსკი იყო ბოლო ქალაქი, რომელსაც უკრაინის არმია აკონტროლებდა ლუგანსკის რეგიონში.