უკრაინის ბიზნესომბუდსმენის მოადგილე - ჩვენი მიდგომაა, რომ ქართველ კოლეგებთან თანამშრომლობა უფრო პრაქტიკული გავხადოთ
უკრაინის ბიზნესომბუდსმენის მოადგილე - ჩვენი მიდგომაა, რომ ქართველ კოლეგებთან თანამშრომლობა უფრო პრაქტიკული გავხადოთ

ჩვენი მიდგომაა, რომ ქართველ კოლეგებთან თანამშრომლობა უფრო პრაქტიკული გავხადოთ, რათა სხვა ქვეყნების ბიზნესებმა ნახონ, თუ რამდენად კარგად გვეხმარება ჩვენი უნიკალური მოდელი საქმიანობის ეფექტურად განხორციელებაში, – ამის შესახებ უკრაინის ბიზნესომბუდსმენის მოადგილე ტატიანა კოროტკომ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობის დროს განაცხადა.

გადაცემაში საერთაშორისო ბიზნესომბუდსმენების კონფერენციის მნიშვნელობა განიხილეს, რომელიც საქართველოს ბიზნესომბუდსმენის ირაკლი ლექვინაძის ინიციატივით თბილისში ჩატარდა. კონფერენციის ფარგლებში პირველად ქვეყნის ისტორიაში საქართველოს ექვსი ქვეყნის – პოლონეთის, ალბანეთის, უკრაინის, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და უზბეკეთის ბიზნესომბუდსმენები ეწვივნენ.

გადაცემის მსვლელობისას საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მოადგილემ და გადაცემის თანაწამყვანმა ლევან კალანდაძემ ხაზი გაუსვა, რომ კონფერენციის მონაწილე ყველა ქვეყანაში ბიზნესომბუდმსენის ინსტიტუტის განსხვავებული მოდელი მოქმედებს. მან ხაზი გაუსვა, რომ გამორჩეულია უკრაინის დაფინანსების მოდელი, რომლის ბიუჯეტიც სახელმწიფოსაგან სრულიად დამოუკიდებელია და ევროკავშირისა და სხვა დონორი ორგანიზაციების დაფინანსებაზე მიბმული.

ტატიანა კოროტკომ განმარტა, რომ უკრაინის ბიზნესომბუდსმენის აპარატის მოდელი სხვა ქვეყნებშიც ინერგება და ის ბიზნესის განვითარებაზეა ორიენტირებული.

„ჩვენ სამი მხრიდან დაგვაარსეს. ეს გახლდათ უკრაინის ხუთი უმსხვილესი ბიზნესასოციაცია და ასევე უკრაინის მთავრობა. ძალიან ბევრი მხარე გვაფინანსებდა. ჩვენი დაფინანსება დონორთა ფონდმა განახორციელა და ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკიც დაგვეხმარა. ჩვენ ვართ მედიატორები ბიზნესსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის, რათა ხელი შევუწყოთ ბიზნესს, როდესაც მას სახელმწიფო სტრუქტურებთან და მუნიციპალურ ორგანოებთან პრობლემები ექმნებათ.

გარდა ამისა, რეკომენდაციებს ვაწვდით მთავრობას, რომ ქვეყანაში საინვესტიციო კლიმატი გაუმჯობესდეს. აქაც საკმაოდ წარმატებული ვართ. მოხარული ვართ, რომ შეგვიძლია ჩვენი გამოცდილება გაგიზიაროთ და ამავე დროს ჩვენი ოფისების განსხვავებულ მოდელებთან დაკავშირებით კომუნიკაცია გავაძლიეროთ. ჩვენი საბოლოო მიზანია, რომ ბიზნესს განვითარებაში დავეხმაროთ და ჩვენს ქვეყნებში უკეთესი ბიზნესგარემო შევქმნათ. ჩვენს მოდელს სხვა ქვეყნებშიც ვნერგავთ. ყირგიზეთმაც დაიწყო ბიზნესომბუდსმენის აპარატის უკრაინული მოდელის საფუძველზე შექმნა. ჩვენ საქმიანობის გაფართოების მრავალი გზა გვაქვს საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით“, – განაცხადა კოროტკომ.

უკრაინის ბიზნესომბუდსმენის მოადგილე თვლის, რომ ქართველ კოლეგებთან თანამშრომლობის ფორმატი სამაგალითო უნდა იყოს.

„ჩვენ ასევე ვაძლიერებთ კომუნიკაციას ქართველ კოლეგებთან. ბევრად უფრო მარტივია მემორანდუმს მოვაწეროთ ხელი და დავდოთ მაგიდაზე, მაგრამ ჩვენი მიდგომაა, რომ ეს დოკუმენტი უფრო პრაქტიკული გავხადოთ, რათა სხვა ქვეყნების ბიზნესებმა ნახონ, თუ რამდენად კარგად ვეხმარებით და რამდენად კარგად გვეხმარება ჩვენი უნიკალური მოდელი საქმიანობის ეფექტურად განხორციელებაში“, – განუცხადა ტატიანა კოროტკომ „ბიზნესპარტნიორს“.

დატოვე კომენტარი