მეოთხე ტურის ტოპ-3 გოლი - ბათუმელების რვა პასი 15 წამში [ვიდეო] #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მორიგი ტური წინას საპირისპირო გამოდგა – თუ მე-3 ტურში 2 გოლი გავიდა და ტოპ-3-ის შედგენაც ვერ მოხერხდა, მეოთხეში კარის ბადე 19-ჯერ შეირხა. ანუ საშუალოდ შეხვედრაში 3,8 გოლი გავიდა, რაც კარგი მაჩვენებელია.

ყველაზე მეტი გოლი „დინამო თბილისი“-„საბურთალოს“ (4:3) მატჩში გავიდა – 7 გოლი, ყველაზე ცოტა ბათუმის „დინამოსა“ და „სამტრედიას“ (2:0) დაპირისპირებაში.

ტურში რამდენიმე კარგი გოლი გავიდა. მაგალითად, ქუთაისის „ტორპედოს“ და „თელავის“ (2:2) მატჩის 38-ე წუთზე, თელაველთა კაპიტნის, ილია ბერიაშვილის წამოწყებული კომბინაცია 25 წამი გაგრძელდა და 7 გადაცემა შესრულდა – ლაშა შერგელაშვილმა მეკარე მოძრაობაზე დაიჭირა და შორეულ კუთხეში ეფექტურად გაუტანა.

ლოკომოტივისა“ და „შუქურას“ (2:1) მატჩის საბოლოო ანგარიში ქობულეთელთა თავდამსხმელმა დავით მუჯირი-უმცროსმა 90+3-ე წუთზე სწრაფი კომბინაციის შედეგად დააფიქსირა. შალვა ექვთიმიშვილმა საჯარიმოსთან დავით მუჯირი მოძებნა, რომელმაც ოდნავ წინ მყოფ მირზა ფარტენაძეს უპასა, წამში ბურთი დაიბრუნა და დაუხანებლად შორეულ მაღალ კუთხეში გაიტანა – აქ შეტევის სისწრაფე და გოლის სილამაზეა აღსანიშნავი.

„დინამო თბილისისა“ და „საბურთალოს“ (4:3) შეხვედრაში შოთა ნონიკაშვილმა მე-16 წუთზე ანგარიში გაათანაბრა. აკაკი შულაიას ჩაწოდებულ ბურთს მიმართულება თომა ტაბატაძემ შეუცვალა, ნონიკაშვილმა კი ეროვნულ ლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა – ეფექტურად და ორიგინალურად გათამაშებული სტანდარტული იყო.

თუმცა ამჯერად სხვა სამი გოლი გამოვარჩიეთ. ერთ შემთხვევაში თავად დარტყმა იყო ლამაზი, დანარჩენ ორ შემთხვევაში კი გოლი სწრაფი, ეფექტური და სამაგალითო იერიშების შედეგად გავიდა.

 

3. გიორგი პაპავა

„დინამო თბილისის“ კაპიტანმა გიორგი პაპავამ „საბურთალოს“ 69-ე წუთზე დაახლოებით 25 მეტრიდან ეფექტური დარტყმით გაუტანა. „დინამოს“კაპიტანმა საჭირო დროს მისაბაძი სითამამე გამოიჩინა, რაც სხვებს მაგალითად გამოადგებათ – გატანა შორიდანაც შესაძლებელია, გამსაკუთრებით მაშინ, როდესაც მეკარე დარტყმას არ ელის.

 

2. ფადი ზიდანი

ქუთაისის „ტორპედოს“ და „თელავის“ შეხვედრის 48-ე წუთზე ქუთაისელებმა კომბინაცია სწრაფად და ეფექტურად გაითამაშეს. 13 წამში 6-სვლიანი კომბიანაციის შემდეგ მარცხენა ფლანგიდან მუროჯონ ტუიჩიბაევმა მეტოქის კართან პალესტინელი ლეგიონერი, ფადი ზიდანი მოძებნა, რომელმაც ნახტომში ეფექტური თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა 1:1.

 

1. გიორგი ფანცულაია

ბურთის თრევას მისი სწრაფი გათამაშება რომ სჯობს, ბათუმის „დინამო“-„სამტრედიას“ მატჩის 45-ე წუთზე ბათუმელთა მეორე გოლი ადასტურებს. ულამაზესი კომბინაცია 15 წამში განვითარდა და 8 პასი გაკეთდა. განსაკუთრებით ჯაბა ჯიღაურის მოქმედებაა აღსანიშნავი, რომელმაც გიორგი ფანცულაიას ქუსლით უპასა და მეკარესთან პირისპირ დატოვა, „დინამოს“ თავდამსხმელმა კი შანსი გოლად აქცია.

დატოვე კომენტარი