ტოპ-3 გოლის შედგენა ვერ მოხერხდა - ეროვნული ლიგის მე-3 ტურში მხოლოდ ორი გოლი გავიდა [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს პირველმა არხმა ახალი სეზონიდან ეროვნული ლიგის ყოველ ტურში ტოპ-3 გამორჩეული გოლის დასახელება დაიწყო. ასე იყო პირველ ორ ტურში, მაგრამ მესამეში დილემის წინაშე აღმოვჩნდით.

საქმე ისაა, რომ ტურში უჩვეულოდ ცოტა გოლი ვიხილეთ. 5 მატჩში მხოლოდ 2 გოლი გავიდა და ტოპ-3 ფიზიკურად ვერ დასახელდება. თუმცა ეს გოლები უდავოდ ღირს ნახვად.

2    გია მანჯგალაძე

„დინამო თბილისი“ – ბათუმის „დინამო“ 0:1

დინამო-არენაზე“ ერთმანეთს მიმდინარე სეზონის ორი ყველაზე ამბიციური გუნდი დაუპირისპირდა. „დინამო თბილისი“ ბათუმის „დინამოსთან“ 0:1 დამარცხდა. ერთადერთი გოლი 66-ე წუთზე, ეფექტური დარტყმით გია მანჯგალაძემ გაიტანა.

1      ჯეფერსონ ჯერალდო

„შუქურა“ – „სამტრედია“ 1:0

ერთმა გოლმა გადაწყვიტა გამარჯვებულის ბედი ზესტაფონში გამართულ მატჩში, სადაც „შუქურამ“ „სამტრედია“ 1:0 დაამარცხა. 77-ე წუთზე, მირზა ფარტენაძის წამოწყებული სწრაფი კონტრშეტევა ჯეფერსონ ჯერალდომ ულამაზესი „მაკრატელთი“ დააგვირგვინა და „შუქურას“ მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა – 1:0. ეს გოლი, ალბათ, სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული იქნება.

 

რადგან ტურში მესამე გოლი არ გასულა, ცოტა ვიხალისოთ და მე-3 ადგილზე გასული გოლის ნაცვლად, გაუტანელ გოლს შემოგთავაზებთ – გორის „დილას“ და თბილისის „ლოკომოტივის“ შეხვედრის 81-ე წუთზე გოლის გატანის რეალური შანს მასპინძლებს მიეცათ – ვანდერსონ სილვას წაქცევისთვის „ლოკომოტივის“ კარში პენალტი დაინიშნა, მაგრამ გიორგი მამარდაშვილმა ირაკლი ბიძინაშვილის დარტმული ბურთი მშვენიერ ნახტომში მოიგერია.

დატოვე კომენტარი