უეფა ბალოგუნის გაუქმებულ დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს #1TVSPORT
ფიფა-ს გადაწყვეტილებით, აშშ-ის ნაკრების თავდამსხმელს, ფოლარინ ბალოგუნს წითელი ბარათი გაუუქმეს და ის მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში ბელგიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს.
ჟურნალისტ ბენ ჯეიკობსის ცნობით, გადაწყვეტილების მიღების პროცესში თეთრი სახლი ჩაერია.
აღნიშნულ ფაქტს ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო (უეფა) ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა:
„გუშინდელი გადაწყვეტილება, რომელმაც ფოლარინ ბალოგუნს წითელი ბარათის გამო დაკისრებული სტანდარტული ერთმატჩიანი აკრძალვა გაუუქმა და ერთწლიანი გამოსაცდელი ვადით ჩაანაცვლა, ყოველგვარ ზღვარს სცდება.
ფეხბურთის და სხვა სპორტული სახეობების ფუნდამენტი სამართლიანი და თანასწორი კონკურენციის უზრუნველმყოფელ წესებშია. მართალია, რიგი წესები შეიძლება სხვადასხვანაირად იქნეს გაგებული, მაგრამ ეს კონკრეტული შემთხვევა ამ კატეგორიას არ მიეკუთვნება. მოედნიდან გაძევებისას, მინიმუმ, ერთი თამაშის გამოტოვება სავალდებულოა და არ მოითხოვს დამატებით განხილვას ან რაიმე ორგანოს სუბიექტურ ნებართვას. ეს ნორმა დებულებაში ზუსტად არის ასახული და გამონაკლისებს გამორიცხავს. მით უფრო მიუღებელია ეს ნაბიჯი ახლა, როცა ჩემპიონატის ფარგლებში სხვა მოთამაშეებმა იდენტური დარღვევებისთვის თავიანთი სასჯელი უკვე მოიხადეს.
როდესაც მარეგულირებელი ორგანოები თავადვე აღარ იცავენ წესების უზენაესობასა და თანასწორობას, ირღვევა სპორტული პრინციპები, ჩემპიონატის პრესტიჟი და სანდოობა კი ეჭვქვეშ დგება. გარდა ამისა, მსგავსი პრეცედენტის დაშვება ნიშნავს, რომ მომავალში ყველა ანალოგიურ სიტუაციაში იგივე მიდგომა უნდა გამოვიყენოთ, რაც უშუალოდ ტურნირს უზარმაზარ ზიანს მიაყენებს.
ფეხბურთის გლობალური პოპულარობა და მის მიმართ ნდობა ზუსტად იმას ეფუძნება, რომ მას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ერთით და იმავე კანონებით თამაშობენ. მსოფლიო ჩემპიონატი არ არის იზოლირებული მოვლენა და იქ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება ტალღისებურად, დადებითად ან უარყოფითად, აისახება მთელ საფეხბურთო სამყაროზე.
ჩვენ აღშფოთებულები და გაკვირვებულები ვართ ამ არალოგიკური, დაუსაბუთებელი და სრულიად უპრეცედენტო ნაბიჯით“, – ვკითხულობთ უეფა-ს განცხადებაში.
ბალოგუნმა მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე 3 გოლის გატანა მოახერხა. აშშ-ისა და ბელგიის ნაკრებების მატჩი 7 ივლისს, თბილისის დროით 04:00 საათზე დაიწყება.