თურქული გამოცემა ლობჟანიძეს გუნდის გამწევ ძალას უწოდებს - ქართველმა სეზონში ნამდვილი გარღვევა მოახდინა
თურქული გამოცემა ლობჟანიძეს გუნდის გამწევ ძალას უწოდებს - ქართველმა სეზონში ნამდვილი გარღვევა მოახდინა

თურქეთის სუპერლიგის 28-ე ტურში „გალათასარაისთან“ ჩატარებული შესანიშნავი მატჩისა და ეფექტური გოლის შემდეგ, პოპულარულმა გამოცემა „ჰურიეთიმ“ საბა ლობჟანიძეს წერილი მიუძღვნა – „ქართველი, რომელიც „ანკარაგუჯუს“ ლოკომოტივია – საბა ლობჟანიძე“.

საქართველოს ნაკრებისა და „ანკარაგუჯუს“ ფლანგის შემტევი, თურქეთის სუპერლიგის 28-ე ტურში ჩემპიონატის ლიდერ „გალათასარაითან“, ეფექტური გოლის ავტორი გახდა. 55-ე წუთზე, მეტოქის ნახევარზე გახსნილმა საბამ საჯარიმოში ბრაზილიელი მარკაო ეფექტურად მოატყუა, არანაკლებ ეფექტურად მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო და ანგარიში 2:0 გახადა.

ავტორის შეფასებით, საქართველოს ნაკრების 26 წლის ფლანგის შემტევი „ანკარაგუჯუს“ საკვანძო ფეხბურთელად გადაიქცა და გუნდისთვის ბევრს აკეთებს.

„საბა ლობჟანიძემ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა „ანკარაგუჯუდან“, რომელმაც „გალათასარაი“ 2:1 დაამარცხა. დანიაში სამ სეზონში გატანილი 30 გოლის შემდეგ, ქართველმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში „ანკარაგუჯუში“ ნამდვილი გარღვევა მოახდინა. ლობჟანიძე გუნდის მიერ გატანილ 10 გოლში მონაწილეობდა. საბას გატანილი მეორე გოლი ყურადღებას წარმატებული შესრულებით იპყრობს. ქართველი ფეხბურთელი „ანკარაგუჯუს“ შარშან დანიაში „რანდერსის“ თავგადასავლების შემდეგ შეუერთდა. ამ ქვეყანაში თავი სამ სეზონში გატანილი 30 გოლით გაითქვა და თურქეთის სუპერლიგაში გადავიდა“, – წერს გამოცემა.

ავტორის თქმით, ქართველი ფეხბურთელის ძალა, რეალურად მხოლოდ წელს გამოჩნდა.

„გასულ სეზონში ლობჟანიძე გუნდის რიტმს კარგად ვერ მოერგო, მაგრამ წელს ყურადღებას იპყრობს. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 3 გოლი და 7 საგოლე პასია. 26 წლის მარჯვენა ფლანგის შემტევმა წარმატებული სვლა „გალათასარაის“ წინააღმდეგ გააგრძელა. საბა ლობჟანიძემ სტამბულის გუნდის მცველებს პრობლემები შეუქმნა და მეტოქის კართან მნიშვნელოვანი საგოლე მომენტებიც შექმნა“.