ტრილოგია დასრულდა - მიოჩიჩმა ქამარი დაიცვა, კორმიე ღირსეულად წავიდა | UFC 252
ტრილოგია დასრულდა - მიოჩიჩმა ქამარი დაიცვა, კორმიე ღირსეულად წავიდა | UFC 252

„აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის“ ღონისძიება UFC 252-ზე სტიპე მიოჩიჩის და დენიელ კორმიეს დიდებული ტრილოგია სანახაობრივი ბრძოლით დასრულდა, რომელშიც ყველა დროის საუკეთესო მძიმეწონოსანის ვინაობა გაირკვა. მიოჩიჩმა კორმიე მსაჯთა ერთხმა გადაწყვეტილებით დაამარცხა (49-46, 49-46, 48-47) და ქამარი შეინარჩუნა.

დაპირისპირება თანაბარი გამოდგა, მაგრამ მეორე რაუნდის მიწურულს მიოჩიჩმა „დიდების დარბაზის“ მომავალი წევრი მძიმე ნოკდაუნში გაუშვა და შეიძლება ითქვას, რომ დენიელი გონგმა გადაარჩინა. შეხვედრის მანძილზე ორივე მებრძოლს მოხვდა თვალში მეტოქის თითი, მაგრამ შედეგად კორმიემ უფრო მძიმე ტრავმა მიიღო და როგორც ბრძოლის შემდეგ განაცხადა, ინციდენტის შემდეგ მარცხენა თვალიდან საერთოდ ვერ ხედავდა.

მიუხედავად მეორე რაუნდში გაშვებული მძიმე დარტყმებისა, კორმიემ ჩემპიონის ხასიათი გამოავლინა და მიოჩიჩს არაერთი ეფექტური კომბინაცია გაუტარა, მაგრამ სტიპე მთლიანობაში უფრო აქტიური იყო და გამარჯვება დაიმსახურა. მან საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა –  წონის მოქმედი ჩემპიონი ერთადერთია, ვინც მძიმე წონის ქამარი ოთხჯერ დაიცვა.


ბრძოლის შემდგომ ინტერვიუში კორმიემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კარიერას ასრულებს. ეს სპორტსმენების მესამე დაპირისპირება იყო – პირველი კორმიეს გამარჯვებით დასრულდა (ნოკაუტი), ხოლო მეორეში მიოჩიჩმა მეტოქე მეოთხე რაუნდში გათიშა და ქამარი დაიბრუნა.

შეგახსენებთ, რომ ამავე ღონისძიებაზე მერაბ დვალიშვილი ქვემსუბუქი წონის მე-12 ნომერ ჯონ დოდსონს შეხვდა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, რომელიც მისთვის ზედიზედ მეხუთე იყო.