ტოკიო 2020 | ნიკოლოზ ბასილაშვილი ტოკიოს ოლიმპიადის საჩოგბურთო ტურნირის მერვედფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT
ტოკიო 2020 | ნიკოლოზ ბასილაშვილი ტოკიოს ოლიმპიადის საჩოგბურთო ტურნირის მერვედფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ტოკიოს ოლიმპიადის საჩოგბურთო ტურნირის მერვედფინალში გავიდა. მან ურთულეს ბრძოლაში სამ სეტში დაამარცხა იტალიელი ლორენცო სონეგო – 6:4, 3:6, 6:4. შეხვედრა ორი საათი და 45 წუთი გაგრძელდა.

პირველ სეტში ბასილაშვილი ფლობდა უპირატესობას, მაგრამ ერთი რთული მომენტის გადატანა მოუწია. ქართველმა ბრეიკით დაიწყო მატჩი, თუმცა მეოთხე გეიმში იტალიელმა შეძლო უკუბრეიკის შესრულება. რთული მომენტი კი იმაში მდგომარეობდა, რომ სონეგოს 3:2-ზე ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ ბასილაშვილმა ეს საფრთხე მოიგერია, რის შემდეგაც უპირატესობა მის მხარეზე გადავიდა – ნიკამ შემდეგ გეიმში ბრეიკი შეასრულა და აღარ გასჭირვებია სეტის მოგებამდე მიყვანა.

მეორე სეტი ჩოგბურთელებმა განსხვავებულად დაიწყეს – ისინი იოლად იღებდნენ საკუთარ მოწოდებებს და ასე გაგრძელდა მეხუთე გეიმამდე, რომელშიც ბასილაშვილმა სამი ბრეიკ-პოინტი მოიპოვა, მაგრამ იტალიელი გადარჩა და იქვე სონეგომ ბრეიკი შეასრულა, რაც გადამწყვეტი მომენტი აღმოჩნდა სეტში. იტალიელმა ბრეიკ-პოინტამდე აღარ მიუშვა მეტოქე და მეოთხე სეტბოლიდან მოიგო პარტია. საჭირო გახდა მესამე სეტის ჩატარება.

გადამწყვეტ პარტიაში სონეგომ თავიდანვე მოიპოვა ბრეიკიანი უპირატესობა, მაგრამ ბასილაშვილი არ დანებდა და ურთულეს მომენტში 1:3-დან ზედიზედ ოთხი გეიმი მოიგო, რითაც მატჩზე ჩაწოდების უფლება მოიპოვა. მაგრამ ახლა უკვე სონეგომ შეძლო უკუბრეიკის შესრულება და ისევ გაათანაბრა თამაში – 5:4-ზე ის იყო მოწოდებაზე, თუმცა ქართველმა შეძლო ზედიზედ მესამე ბრეიკის შესრულება და მატჩის გამარჯვებამდე მიყვანა.

გადამწყვეტი გეიმის ვიდეო:

ქართველი ჩოგბურთელი მერვედფინალში გავიდა და იქ გერმანელ ალექსანდრ ზვერევს შეხვდება.