ზაფხულის XXXII ოლიმპიურ თამაშებზე, რომელსაც 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით იაპონიის დედაქალაქი ტოკიო უმასპინძლებს, საქართველო სპორტის 11 სახეობაში 35 სპორტსმენით წარსდგება.
უძველეს სპორტულ ღონისძიებაზე ჩვენი ქვეყნის სახელით მედლების მოპოვებას ცხრა ძიუდოისტი შეეცდება. ესენი არიან: ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ), ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ტატო გრიგალაშვილი (81 კგ), ლაშა ბექაური (90 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (-100 კგ), გურამ თუშიშვილი (+100 კგ), ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (52 კგ), ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ).
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მამაკაც ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის ყველა წევრს აქვს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მედლის მოპოვების რეალური შანსი, რასაც ძიუდოს საერთაშორისო ექსპერტებიც ადასტურებენ. მათი მოსაზრებით საქართველოს ასეთი ძლიერი შემადგენლობით ოლიმპიადებზე არასდროს უასპარეზია. ქალებში კი ახალგაზრდა ეთერ ლიპარტელიანისგან ველოდებით საუკეთესო გამოსვლას, ისევე როგორც ტატიანა ლევიცკა-შუკვანისგან. ძიუდოისტები ოლიმპიადაზე 24-31 ივლისს იასპარეზებენ. შეჯიბრებაში მონაწილეობას მიიღებს 386 სპორტსმენი. გათამაშდება მედლების 15 კომპლექტი.
კაცები: 60 კგ; 66 კგ; 73 კგ; 81 კგ; 90 კგ; 100 კგ; +100 კგ
ქალები: 48 კგ; 52 კგ; 57კგ; 63 კგ; 70 კგ; 78 კგ; +78 კგ
გუნდური შეჯიბრება – 3 კაცი, 3 ქალი

ლუხუმ ჩხვიანი (60 კგ) – 28 წლის
საქართველოს სამგზის ჩემპიონი (2013, 2016, 2017), ევროპის ჩემპიონი (2019, მინსკი, ბელარუსი) და მსოფლიო ჩემპიონი (2019, ტოკიო, იაპონია). 2019 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი.
ლუხუმ ჩხვიმიანი, რომელიც კონტინენტის და მსოფლიო პირველობების გამარჯვებულია, ოლიმპიურ თამაშებზე პირველად იასპარეზებს. ქართველი ძიუდოისტი რეიტინგში მეათე ადგილზეა, ოქროს მედლისთვის იბრძოლებს, მაგრამ ძლიერი კონკურენციის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით ამის გაკეთება ურთულესი იქნება.
ძიუდოს ექსპერტების აზრით ქართველი ძიუდოისტი უმაღლესი სინჯის მედლისთვის ბრძოლაში სამეულში განიხილება.
ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) – 27 წლის
საქართველოს სამგზის ჩემპიონი (2012, 2014, 2016), მსოფლიო ჩემპიონატის ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი (2015 – გუნდური, ჩელიაბინსკი, რუსეთი; 2017 – ბუდაპეშტი, უნგრეთი), ევროპის თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი (2019), მსოფლიო მასტერსის ბრინჯაოს პრიზიორი (2017), გრან-სლემის გამარჯვებული (2018), გრან-სლემის ვიცე-ჩემპიონი (2019), 2016 წლის რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის მონაწილე.
ვაჟა მარგველაშვილი რეიტინგში მეოთხე ნომერია. 2016 წლის რიოს ოლიმპიადაზე იგი მეორე წრეში დამარცხდა. წლევანდელ ოლიმპიადაზე ქართველის წონაში ძალიან ძლიერი შემადგენლობაა წარმოდგენილი და ვაჟასთვის ნებისმიერი სინჯის მედლის მოპოვება დიდი წარმატება იქნება.
ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) – 29 წლის
საქართველოს ჩემპიონი (2017), მსოფლიო ორგზის ჩემპიონი (2013 – რიო დე ჟანეირო, გუნდური; 2021 – ბუდაპეშტი, უნგრეთი), ევროპის ჩემპიონი 2013 (ბუდაპეშტი), 2012 წლის ოლიმპიური ჩემპიონი (66 კგ, ლონდონი), 2016 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი (73კგ, რიო დე ჟანეირო).
2021 წელს ლაშა შავდათუაშვილი გახდა პირველი სპორტსმენი ქართული ძიუდოს ისტორიაში, ვისაც კარიერის განმავლობაში ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების ოქროს მედლები აქვს მოპოვებული. ლაშა, რომელმაც წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, შესანიშნავ ფორმაშია და ტოკიოს ოლიმპიადაზე 73 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედლის მოპოვების ერთ-ერთი კანდიდატია.
2012 წლის ლონდონის ოლიმპიადის გამარჯვებულისთვის ტოკიოს ოლიმპიადა მესამე იქნება და ყველანაირად შეეცდება მესამე ოლიმპიური მედლის მოპოვებას.
ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) – 21 წლის
გრანდ-სლემის გამარჯვებული (2020 – დიუსელდორფი, გერმანია), ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონი (2019 – ვანტაა, ფინეთი), ახალგაზრდებს შორის ევროპის თასის მფლობელი (2018 – კლუჟ-ნაპოკა, რუმინეთი), ბუდაპეშტის გრან-პრის გამარჯვებული (2019 – ბუდაპეშტი, უნგრეთი), მსოფლიო მასტერსის მფლობელი (2021 – დოჰა, ყატარი), ევროპის ჩემპიონი (2020 – პრაღა, ჩეხეთი), მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი (2021 – ბუდაპეშტი).
ახალგაზრდა ტატო გრიგალაშვილი რეიტინგში მესამე პოზიციას იკავებს. ძიუდოს სპეციალისტების აზრით იგი ტოკიოს ოლიმპიადის ოქროს მედლის მოპოვების ერთ-ერთი უმთავრესი კანდიდატია. წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში განცდილი დასანანი მარცხის მიუხედავად ტატო ყველანაირად მომზადებული ხვდება ამ უდიდეს ფორუმს და ქართველ გულშემატკივარს აუცილებლად გაახარებს.
ლაშა ბექაური (90 კგ) – 20 წლის
მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული (2018, 2019), ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული (2019), ჩინეთის მასტერსის გამარჯვებული (2019), თელ-ავივის გრანდ სლემის გამარჯვებული (2021), ევროპის ჩემპიონი (2021).
ლაშა ბექაური რეიტინგში მეოთხეა და ის ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველთან, ნიკოლოზ შერაზადიშვილთან ერთად ტოკიოს ოლიმპიადის მოგების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.
შეგახსენებთ, რომ წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდურში ასპარეზობის დროს ლაშამ ხელის ტრავმა მიიღო და მისი ოლიმპიადაზე წასვლა საეჭვო იყო, მაგრამ მკურნალობაში უცხოელი სპეციალისტებიც ჩაერთნენ და საბედნიეროდ ახალგაზრდა ძიუდოისტი გამოჯანმრთელდა და აღდგენაც მოახერხა. ასე რომ, ლაშა მზადაა საბრძოლველად და ქართველი გულშემატკივრის გასახარებლად.
ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ) – 32 წლის
ევროპის ჩემპიონი: 2010 (ვენა, ავსტრია; გუნდური), 2012 (ჩელიაბინსკი, რუსეთი; 90 კგ და გუნდური), 2013 (ბუდაპეშტი, უნგრეთი; გუნდური), 2014 (მონპელიე, საფრანგეთი; 90 კგ და გუნდური), 2016 (ყაზანი, რუსეთი; 90 კგ და გუნდური), მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი: 2014 (ჩელიაბინსკი, რუსეთი; 90 კგ და გუნდური), 2015 (ასტანა, ყაზახეთი; 90 კგ და გუნდური), მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი: 2013 (რიო დე ჟანეირო, ბრაზილია; 90 კგ), 2017 (ბუდაპეშტი, უნგრეთი; 100 კგ), 2018 (ბაქო, აზერბაიჯანი; 100 კგ),მსოფლიო ჩემპიონი: 2008 (ტოკიო, იაპონია; გუნდური), 2013 (რიო დე ჟანეირო, ბრაზილია; გუნდური), ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი: 2016 (რიო დე ჟანეირო; 90კგ).
ვარლამ ლიპარტელიანი საქართველოს ძიუდოსტთა ნაკრების კაპიტანი და ყველაზე გამოცდილი სპორტსმენია. იგი ამჟამად რეიტინგის ლიდერია. ვარლამი 2016 წლის რიოს ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანია, ძიუდოს ქართველი და უცხოელი სპეციალისტების აზრით ტოკიოს ოლიმპიადის მოგების უმთავრესი კანდიდატია.
გურამ თუშიშვილი (+100 კგ) – 26 წლის
ბაქოს გრან-სლემის ჩემპიონი (2017), მსოფლიო მასტერსის გამარჯვებული (პეტერბურგი, 2017), გრან პრი თბილისი, გრან პრი ზაგრები, მსოფლიო მასტერსი გუანჯოუ – გამარჯვებული (2018), ევროპული თამაშები – ოქრო (მინსკი, 2019), დიუსელდორფის გრან სლემი (2020), მსოფლიო ჩემპიონი (2018 ბაქო).
გურამ თუშიშვილი რეიტინგში მეექვსე ადგილს იკავებს. ქართველი მძიმეწონოსნის ბოლოდროინდელი ფორმის და მის წონაში კონკურენციის პირობებში ნებისმიერი სინჯის მედლისთვის ბრძოლა რეალურია.
ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (52 კგ) – 30 წლის
რეგიონალურ კვოტაში მოხვდა და ოლიმპიადაზე გაემგზავრა. იგი რეიტინგში 31-ე ადგილს იკავებს, გამოცდილი სპორტსმენია და მისგან ნებისმიერი შედეგია მოსალოდნელი.

ეთერ ლიპარტელიანი (55 კგ) – 21 წლის
ახალგაზრდებს შორის ევროპის სამგზის ჩემპიონი, ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონი (2019, მარაკეში, მაროკო), გრან პრი ზაგრები – ბრინჯაოს მედალი (2019), თელ-ავივის გრანდ სლემის ბრინჯაოს მედალი (2021), თბილისის გრან სლემის ვერცხლის მედალი (2021).
ახალგაზრდა ეთერ ლიპარტელიანი წლეულს ძალიან კარგად ასპარეზობს, გარნ სლემებზე მედლები და მსოფლიო ჩემპიონატზე კარგად გამოსვლა გულშემატკივარს იმედს აძლევს, რომ ეთერი ოლიმპიადაზე მედლის მოსაპოვებლად ყველაფერს გააკეთებს. მისი მებრძოლი ხასიათი და გამარჯვებისკენ სწრაფვა მთელი ოლიმპიური გუნდისთვის მისაბაძი უნდა იყოს.
![ექსკლუზივი | ლაშა შავდათუაშვილი - თავს არ დავზოგავ, რომ ტოკიოს ოლიმპიადაზე ჩემი მაქსიმუმი ვაჩვენო [ვიდეო] #1TVSPORT](https://cdn.1tv.ge/app/uploads/2021/07/1626346034-შავდათუაშვილი-1.jpg)
![კარიერა | ლაშა ბექაურის მაღალი თამასა - ჩემი მიზანია, ოლიმპიადა ოთხჯერ მოვიგო [ვიდეო] #1TVSPORT](https://cdn.1tv.ge/app/uploads/2021/03/1615213245-ლაშა-ბექაური-კარიერა.jpg)