ტოკიო 2020 | გაიცანით საქართველოს ოლიმპიური ნაკრები ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში #1TVSPORT
ტოკიო 2020 | გაიცანით საქართველოს ოლიმპიური ნაკრები ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში #1TVSPORT

ზაფხულის XXXII ოლიმპიურ თამაშებზე, რომელსაც 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით იაპონიის დედაქალაქი ტოკიო უმასპინძლებს, საქართველო სპორტის 11 სახეობაში 35 სპორტსმენით წარდგება.

უძველეს სპორტულ ღონისძიებაზე ჩვენი ქვეყნის სახელით მედლების მოპოვებას ოთხი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე შეეცდება – რამაზ ზოიძე 67 კგ, ლაშა გობაძე 87 კგ, გიორგი მელია 97 კგ, იაკობ ქაჯაია 130 კგ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების წევრებმა ექვსი ოლიმპიური წონიდან მხოლოდ ოთხში მოახერხეს ლიცენზიების მიღება, მაგრამ უდიდეს ფორუმზე გამომსვლელი ოთხივე მოჭიდავე კარგ ფორმაში იმყოფება და საქართველოსთვის მედლების მოსაპოვებლად ყველაფერს გააკეთებენ. ქართველი სპორტსმენები ტოკიოში 1-4 აგვისტოს იასპარეზებენ. შეჯიბრებაში მონაწილეობას მიიღებს 96 მოჭიდავე. გათამაშდება მედლების 6 კომპლექტი (60 კგ; 67 კგ; 77 კგ; 87 კგ; 96 კგ; 130 კგ.)

რამაზ ზოიძე (67კგ) – 25 წლის

საქართველოს ჩემპიონი (2019, -72 კგ), 23-წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი (2017, -71 კგ), ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ორგზის (2015, 2016; -66 კგ) და ევროპის ჩემპიონი (2016, -66 კგ), 23-წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონი (2019 ნოვი სადი, სერბეთი 72 კგ). რამაზ ზოიძისთვის ტოკიოს ოლიმპიადა პირველი ოლიმპიური თამაშებია. ქართველი მოჭიდავე,რომელსაც ახალგაზრდებში და 23-წლამდელებში ყველა დიდი ტიტული მოგებული აქვს, შესანიშნავ ფორმაშია. ოლიმპიადის საგზური მან გაზაფხულზე სალიცენზიო ტურნირზე მოიპოვა. ჭიდაობის სპეციალისტები და გულშემატკივრები მისგან ოლიმპიურ მედალს ელოდებიან.

 

ლაშა გობაძე (87კგ) – 27 წლის

23-წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონი (2016 რუსე, ბულგარეთი 80კგ), საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული (2018, ბალავაძე, კარტოზია, 82კგ ), მსოფლიო ჩემპიონი ( 2019, ნურ-სულთანი, ყაზახეთი 82 კგ). ლაშა გობაძე ოლიმპიადაზე პირველად იასპარეზებს. იგი გახლავთ 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონი 82კგ-ში, რის შემდეგაც ოლიმპიურ წონაში (87კგ) მოსინჯა ძალები და გაზაფხულზე სალიცენზიო ტურნირზე შესანიშნავად ასპარეზობის შედეგად ოლიმპიური საგზური მოიპოვა. ლაშასგანაც,როგორც ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ყველა წევრისგან,ოლიმპიადაზე კარგ გამოსვლას და მედალს ველოდებით.

 

გიორგი მელია (97კგ) – 25 წლის

საქართველოს ჩემპიონი (2019, 97 კგ), ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი (2016, 96 კგ), სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული, საფრანგეთის გრან-პრის გამარჯვებული (2021,მონპელიე,97 კგ ). ტოკიოს ოლიმპიადა გიორგი მელიასთვისაც პირველი ოლიმპიური თამაშები იქნება. ქართველმა მოჭიდავემ ლიცენზია 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ნურ-სულთანში მოიპოვა. მელია ძალიან მებრძოლი სპორტსმენია და მისგანაც ნებისმიერი სინჯის მედალს ველოდებით.

 

იაკობ ქაჯაია (130კგ) – 27 წლის

საქართველოს ჩემპიონი (2019, 130 კგ), ახალგაზრდებსა (2013, 120 კგ) და 23-წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონი (2016, 130 კგ),საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული (ბალავაძე, კარტოზია 2017).იაკობ ქაჯაიასთვის ტოკიოს ოლიმპიადა კარიერაში მეორე იქნება.ქართველმა ფალავანმა 2016 წელს რიოში იასპრეზა,სადაც მხოლოდ მეშვიდე ადგილს დასჯერდა.მან ოლიმპიური ლიცენზია 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ნურ-სულთანში მოიპოვა. იაკობი შესანიშნავ ფორმაშია და ტოკიოში მისგან ყველა წარმატებულ გამოსვლას ელოდება.