ტოჩინოშინი პირველად დამარცხდა (ვიდეო) | ნაგოია ბაშო

ნაგოია ბაშოს მე-6 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მონღოლი კომუსუბი ტამავაში იყო, რომელსაც 2 მოგება და 3 მარცხი ჰქონდა. ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა ლევანს ჰქონდა – 15 გამარჯვება და 7 მარცხი.

ბოლო ორ ბრძოლაში ტამავაში ტოჩინოშინთან თავს კარგად იცავდა და მავაშიში ჩავლების საშუალებას არ აძლევდა, თუმცა ლევანმა გამარჯვება ცუპარებით და დარტყმებით მოახერხა. ბრძოლა ამჯერადაც მსგავსი სცენარით წარიმართა, მაგრამ ამჯერად გამარჯვება ტამავაშის დარჩა. მან კოტენაგე შეასულა და ტოჩინოშინი დოჰიოზე აღმოჩნდა.

საგულისხმოა, რომ მეექვსე დღის დაწყებამდე ბაშოდან მოიხსნა ერთადერთი შემორჩენილი იოკოძუკნა კაკურიუ. ეს, ერთის მხრივ, კარგია, რადგან ტოჩინოშინს ურთულესი მეტოქე ჩამოშორდა, მაგრამ ძალიან ცუდია ბაშოს პრესტიჟულობისთვის. თავის მხრივ ბრძოლა მოიგო სეკივაკე მიტაკეუმიმ, რომელიც ახლა ექვსი გამარჯვებით ბაშოს ერთპიროვნული ლიდერია.