თინათინ ბერძენიშვილი - ევრო 2020 პირველი დიდი სპორტული ღონისძიებაა, რომელიც კოვიდპანდემიის შემდეგ იხსნება, ეს ძალიან ემოციურია, პირველი არხი კი არის ყველა ღონისძიებაზე, რაც ერს აერთიანებს
თინათინ ბერძენიშვილი - ევრო 2020 პირველი დიდი სპორტული ღონისძიებაა, რომელიც კოვიდპანდემიის შემდეგ იხსნება, ეს ძალიან ემოციურია, პირველი არხი კი არის ყველა ღონისძიებაზე, რაც ერს აერთიანებს

ევრო 2020 პირველი დიდი სპორტული ღონისძიებაა, რომელიც კოვიდპანდემიის შემდეგ იხსნება, ეს ძალიან ემოციურია, პირველი არხი კი არის ყველა ღონისძიებაზე, რაც ერს აერთიანებს, – ასე მიულოცა ევროპის მთავარი საფეხბურთო ფორუმის დაწყება გულშემატკივარს საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა.

„პირველი არხის გუნდი ვართ შეკრებილი, რადგან ვფიქრობთ, რომ ნამდვილად დღესასწაულია არა მარტო ჩვენთვის, არამედ ჩვენი მაყურებლისთვის, მსმენელისთვის. მართლაც, პირველი დიდი სპორტული ღონისძიებაა, რომელიც კოვიდის შემდეგ გაიხსნება მაყურებელთან ერთად და ეს ყველაფერი ძალიან ემოციურია. მათ შორის, პირველი არხი არის ყველგან, სადაც არის ღონისძიება, რომელიც ერს აერთიანებს. სპორტი სწორედ ეს შემთხვევაა, მით უმეტეს ფეხბურთი, რომელსაც ამდენ ხანს ველოდით. ნამდვილად ემოციური დღეა. გვაქვს ძალიან მრავალფეროვანი არჩევანი. როგორც ჩვენი ვებპლატფორმა, ისე რადიო და ტელევიზიები, ორივე არხი სხვადასხვანაირ აქტივობებს სთავაზობს მაყურებელს. რაც მთავარია, გვაქვს ბევრი პრიზი, ძალიან ბევრი დადებითი ემოცია, რაც ყველას ძალიან გვჭირდება. უნდა გვიყურონ, გვისმინონ და თვალყური გვადევნონ. ყველაფერი სიურპრიზებით იქნება სავსე.

ჩვენ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ცხელი ზაფხული გველოდება, რადგან ევრო 2020 დამთავრდება თუ არა, იწყება ოლიმპიადა. ამისთვისაც გამალებული მზადება გვაქვს. ამიტომ არ უნდა გადართონ ჩვენი არხიდან, ვისაც უყვარს ჯანსაღი ცხოვრების წესი, სპორტი, ყველაფერი ერთად მოიყრის თავს ჩვენს არხზე. თბილისის მერიასთან ერთად, აინთო ანძა ევრო 2020-ის ფერებში. ასევე განათდება საქართველოს პირველი არხის შენობაც და ყველანაირი ნიშანი იქნება იმისა, რომ სპორტული დღესასწაული იწყება პირველ არხზე ჩვენი მოქალაქეებისთვის. ველოდებით ყველას ეკრანებთან. ცხადია, მყავს ფავორიტი ევროპის ჩემპიონატზე. ოჯახთან ერთად, ვგულშემატკივრობ გერმანიას“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

11 ივნისს, 22:00 საათზე იტალიის დედაქალაქ რომში ევროპის ჩემპიონატის გახსნის ცერემონიალი დაიწყება. ამ ღონისძიებისთვის მზადაა როგორც ევროპის საფეხბურთო სამყარო, ასევე საქართველო – 21:20 საათზე ევრო 2020-ის ფერებში განათდა თბილისის სატელევიზიო ანძა და საქართველოს პირველი არხის შენობა.

საქართველოს პირველი არხი გახსნიდან დაწყებული, ფინალით დამთავრებული, ევროპის ჩემპიონატის ყველა, 51 მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს შემოგთავაზებთ.

ჩვენი ტელევიზიის ეთერის დიდი ნაწილი 11 ივნისიდან 11 ივლისის ჩათვლით ევრო 2020-ს დაეთმობა. იხილავთ „ტაიმაუტის“ ჩემპიონატისადმი მიძღვნილ გამოშვებებს;

გადაცემა „კაცების“ მთავარი თემა, რა თქმა უნდა, ფეხბურთი იქნება;

ერთი თვის განმავლობაში ყოველდღიურად გაიმართება საფეხბურთო ვიქტორინა;

ჩვენს ვებსაიტზე სპეციალურ განყოფილებაში ევრო 2020 ცხელი ამბების პარალელურად შეგიძლიათ იხილოთ მატჩების სრული განრიგი დღეების მიხედვით, ყველა გუნდის შემადგენლობა, LiveFeed, გამოხმაურებები, ჰაილაითები.