„თიბისი რისერჩი“ - რუსეთიდან ტურისტების კლების ტენდენცია შენელდა
„თიბისი რისერჩი“ - რუსეთიდან ტურისტების კლების ტენდენცია შენელდა

ანალიტიკური კომპანია „თიბისი რისერჩი“ რუსეთიდან 1-28 ივლისის პერიოდში შემოსული ვიზიტორების სტატისტიკას აქვეყნებს. შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე კომპანია მიუთითებს, რომ ივლისის ბოლოს რუსეთიდან შემოსული ტურისტების კლების ტენდენცია შენელდა. კერძოდ, ივლისის მეოთხე კვირაში საქართველოში რუსეთის 53 682 მოქალაქე შემოვიდა, რაც 4 ათასით ან 6.8 პროცენტითაა ნაკლები 2018 წლის მეოთხე კვირაზე.

შედარებისთვის, ავიასანქციების ამოქმედებამდე, ივლისის პირველ კვირაში კლება 4.1 პროცენტს შეადგენდა. ემბარგოს ამოქმედების შემდეგ, ივლისის მეორე კვირაში – კლება 21.4 პროცენტი იყო, მესამე კვირაში კი 13.5 პროცენტი.

ამასთან, „თიბისი რისერჩის“ ცნობით, რუსეთიდან ვიზიტორთა დიდი ნაწილი საქართველოში სახმელეთო გზით შემოდის და ამ კუთხით ივლისის მესამე-მეოთხე კვირაში პოზიტიური სტატისტიკა ფიქსირდება.

მთლიანობაში 1-28 ივლისს საქართველოს რუსეთის 196 ათასზე მეტი მოქალაქე ესტუმრა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს დაახლოებით 12 პროცენტით ჩამორჩება.

„თიბისი რისერჩში“ მიუთითებენ, რომ სხვა ქვეყნებიდან ვიზიტორთა რაოდენობა მზარდია. შესაბამისად, წელს ტურიზმის სექტორში ზრდის პროგნოზს ინარჩუნებენ.