The Times-ის ინფორმაციით, არსენ ვენგერი, შესაძლოა, ფიფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატი გახდეს #1TVSPORT
ფიფა-ს პრეზიდენტის პოსტზე ჯანი ინფანტინოს შესაძლოა, კიდევ ერთი კონკურენტი გამოუჩნდეს. ბრიტანული გამოცემა The Times წერს, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელობისთვის ბრძოლაში არსენ ვენგერის ჩართვა განიხილება.
გამოცემის ინფორმაციით, ინფანტინოს მოწინააღმდეგეებს სურთ, 76 წლის ფრანგი არჩევნებში მონაწილეობაზე დაითანხმონ. მათ ვენგერთან შეთანხმების მისაღწევად დრო 18 ნოემბრამდე აქვთ, რადგან სწორედ ამ დღეს სრულდება პრეზიდენტობის კანდიდატთა რეგისტრაცია.
ფიფა-ს მომავალ ხელმძღვანელს 2027 წლის 18 მარტს, მაროკოში, რაბატში აირჩევენ. ამ დროისთვის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განაცხადი მოქმედ პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოსა და შვეიცარიის ნაკრებისა და „ტოტენჰემის“ ყოფილ მცველ რამონ ვეგას აქვთ გაკეთებული.
ვენგერის სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე წარმატებული პერიოდი ლონდონის „არსენალს“ უკავშირდება, რომელსაც ფრანგი 1996-2018 წლებში ხელმძღვანელობდა. მისი მუშაობის პერიოდში კლუბი ინგლისის სამგზის ჩემპიონი გახდა.
2019 წელს ვენგერმა საქმიანობა ფიფა-ში გააგრძელა, სადაც დღემდე გლობალური საფეხბურთო განვითარების დირექტორის ფუნქციებს ასრულებს.
რაც შეეხება 56 წლის ინფანტინოს, ის მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციას უკვე ათ წელზე მეტია ხელმძღვანელობს – შვეიცარიელი პრეზიდენტად პირველად 2016 წლის 26 თებერვალს აირჩიეს.