The Athletic-ი - ბითაძეს ადგილის მოსაპოვებლად მუშაობა მოუწევს, მამუკელაშვილი პროგრესირებს და როტაციაში მას თავისი როლი ექნება #1TVSPORT
The Athletic-ი - ბითაძეს ადგილის მოსაპოვებლად მუშაობა მოუწევს, მამუკელაშვილი პროგრესირებს და როტაციაში მას თავისი როლი ექნება #1TVSPORT

ავტორიტეტულმა გამოცემა The Athletic-მა NBA-ში მოთამაშე თავისუფალი აგენტის სტატუსის მქონე ცენტრების შესახებ სტატია მოამზადა და მომავალი სეზონისთვის მათი შანსების შესახებ ამცნო მკითხველს.

მაღალი მოთამაშეების სიაში საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების წევრები – სანდრო მამუკელაშვილი და გოგა ბითაძეც არიან. როგორც სტატიის ავტორი თვლის, 2023/2024 წლის რეგულარულ სეზონში NBA-ში თავის დამკვიდრების უკეთესი შანსი მამუკელაშვილს ექნება, რადგან მან წინა სეზონის მიწურულს სასროლო პროცენტსა და მოხსნების დროს ეფექტურობას მოუმატა. რაც შეეხება ბითაძეს, The Athletic-ის მიმომხილველი მიიჩნევს, რომ მისი პროცენტი თამაშიდან არადამაკმაყოფილებელია და ბლოკების დაყენების დროსაც გოგა არასაიმედოა.

2022/2023 წლის სეზონის მიმდინარეობისას ორივე ქართველმა გუნდი შეიცვალა. ბითაძე „ინდიანა პეისერსიდან“ „ორლანდო მეჯიქში“ გადავიდა, ხოლო მამუკელაშვილმა „მილუოკი ბაქსიდან“ გრეგ პოპოვიჩის „სან ანტონიო სპურსს“ მიაშურა. გოგა „ორლანდოში“ საშუალოდ 5.8 ქულასა და 5,2 მოხსნას აგროვებდა, ხოლო სანდრო ტეხასურ გუნდში – 10.9 ქულას, 6.8 მოხსნასა და 2.4 შედეგიან პასს.

გოგა ბითაძე – 23 წლის, „ორლანდო მეჯიქი“ (გადაწყვეტილება მისი შენარჩუნების შესახებ გუნდმა უნდა მიიღოს)

ბითაძეს როგორც ფიზიკური მონაცემები, ასევე სროლის ლამაზი ტექნიკა აქვს, თუმცა მაღალ დონეზე თამაში ძალიან გაუჭირდა. განვითარების ამ ტემპით, გოგა როტაციის სტაბილური წევრი ვერ გახდება, მას სერიოზული მუშაობა მოუწევს. ის ზუსტი შორეული ტყორცნებით ვერ გამოირჩევა (25.1% თამაშიდან კარიერაში), ხოლო პიკ-ენდ-როლისას ძალიან დიდი ზარალის მომტანია, რადგან ბლოკების ერთ-ერთი ყველაზე ცუდი დამყენებელია.

მას შეუძლია დაფარებების შესრულება, თუმცა დაცვაში თამაშისას უამრავ ჯარიმას იღებს და პიკ-ენდ-როლის დაცვას ვერ ახერხებს. „ორლანდო მეჯიქს“ მისი შენარჩუნება 2.1 მილიონ დოლარად შეუძლია, თუმცა, დიდი ალბათობით, ამაზე უარს იტყვის. ბითაძე „ორლანდოში“ მხოლოდ იმ შემთხვევაში დარჩება, თუ გუნდი სახელფასო თანხას დაზოგავს, მას მინიმალურ ანაზღაურებასა და მესამე ცენტრის სტატუსს შესთავაზებს. კიდევ ერთი სცენარია, გოგა სათამაშოდ ევროპაში დაბრუნდეს, მის მიმართ იქ ინტერესია.

სანდრო მამუკელაშვილი – 24 წლის, „სან ანტონიო სპურსი“ (შეზღუდული სტატუსის მქონე თავისუფალი აგენტი)

მაღალი მოთამაშე ბურთის ფლობის კარგი ტექნიკითა და შედეგიანი პასების შესრულების უნარით. თუ თავის არსენალს სტაბილურ სამქულიან ტყორცნას შესძენს, გუნდისთვის დამატებითი სარგებლის მომტანი გახდება. ამ მხრივ ის პროგრესირებს, წინა სეზონში სამქულიანის ხაზიდან პროცენტი გაზარდა და ახლა ის 34.3%-ით უტევს მეტოქის ფარს.

„მამუ“ დაცვაში ძალიან ძლიერი არ არის, თუმცა მოხსნების რეიტინგში 19.7% სასიამოვნო ბონუსი იყო. სეზონის წინ „სან ანტონიო“ კიდევ ერთ უცხოელ ცენტრს დაიმატებს, თუმცა, როგორც ჩვენთვის ცნობილია, გუნდის როტაციაში ადგილი სანდრო მამუკელაშვილისთვისაც იქნება.

ქართველი მოთამაშეების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებები გუნდებმა, სავარაუდოდ, 2023/2024 წლის სეზონის მოსამზადებელი ეტაპის დაწყებამდე უნდა მიიღონ.