თემურ ქეცბაია უკმაყოფილო დარჩა „არისთან“ გასვლაზე ფრედ დასრულებული (1:1) მატჩის შემდეგ – მისმა გუნდმა მე-11 წუთიდან 10 კაცით დარჩენილი მეტოქე ვერ დაამარცხა, ჯერ პენალტი ვერ გამოიყენა, ხოლო 88-ე წუთზე გიორგი ლორიამ ბურთი ვერ შეიმაგრა და კარში გაუშვა.
„ჩვენ სამი ქულა არ ავიღეთ. იმედგაცრუებული ვარ ზოგიერთი ფეხბურთელით. მათ არ ჰქონდათ ის ჟინი და დისციპლინა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გვავიწყდება გუნდური ფეხბურთის თამაში. რთულია, მეტი მომენტი შევქმენით, მაგრამ მატჩი სასურველი შედეგით ვერ დავასრულეთ. ჩვენ ორივე ტაიმში უპირატესობას ვფლობდით და მოედანზე ვდომინირებდით. მაგრამ მოთამაშეებს რაღაცას ვეუბნები, ისინი კი საკუთარ ინიციატივას იჩენდნენ. პენალტი რომ გაგვეტანა, ყველაფერი სხვანაირად შეიძლებოდა ყოფილიყო. მომენტები შემდეგაც გვქონდა, მაგრამ კარი ვერ ავიღეთ და საბოლოოდ ამისთვის მკაცრად დავისაჯეთ“, – განაცხადა თემურ ქეცბაიამ.
„ანორთოსისის“ ქართველმა მწვრთნელმა მატჩის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
„ამ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან გამარჯვებით საჩემპიონო რბოლაში ვბრუნდებოდით. ახლა ჩვენი შანსები ძალიან შემცირდა. ამის მიუხედავად, ბრძოლას ბოლომდე ვაგრძელებთ და ვნახოთ. ჩვენ თასისთვისაც ვიბრძვით და ბოლო თამაშამდე დავიხარჯებით. წინა მატჩში („აპოელთან“) მეტოქეს 4 მოთამაშე გაუგდეს. დღესაც ფაქტობრივად იგივე მოხდა, „არისს“ ნაკლები ფეხბურთელი ჰყავდა, მაგრამ ეს შანსი ვერ გამოვიყენეთ, არ გვქონდა ტემპი, გატანაც გვიჭირს და ვამჩნევ, გუნდი ფსიქოლოგიურად გადაღლილია“.