თემურ ქეცბაია - „ანორთოსისთვის“ 13 წელი ტიტულის გარეშე ძალიან ბევრია, ჩვენ თასს ვიმსახურებთ #1TVSPORT
თემურ ქეცბაია - „ანორთოსისთვის“ 13 წელი ტიტულის გარეშე ძალიან ბევრია, ჩვენ თასს ვიმსახურებთ #1TVSPORT

„ანორთოსისის“ მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ კვიპროსის ჩემპიონატის 35-ე ტურში გასვლაზე ლიმასოლის აელ-თან მოგებული მატჩი შეაფასა და განაცხადა, რომ გუნდმა უტიტულო 13-წლიანი პერიოდი უნდა დაასრულოს.

„სანამ თამაშზე ვილაპარაკებ, „ომონიას“ ჩემპიონატის მოგებას მივულოცავ. გუნდმა მოედანზე თავი გამოიჩინა, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ფაქტზე, რომ ჩემპიონობა სხვებზე ბევრად მეტად სურდა. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, სატურნირო კუთხით არაფერს წყვეტდა, რადგან ჩვენ მეოთხე ადგილზე მაღალ პოზიციას ვერ დავიკავებდით. თავად თამაში ორივე გუნდმა კარგად ჩაატარა და ამით ბედნიერები ვართ. მაგრამ ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩს არანაირი სატურნირო ინტერესი აღარ ექნება,“ – განაცხადა თემურ ქეცბაიამ.

„ანორთოსისი“ ქართველმა მწვრთნელმა ყურადღება თასის მოახლოებულ ფინალზე გაამახვილა:

„15 მაისს „ოლიმპიაკოსთან“ კვიპროსის თასის ფინალი გველოდება და უნდა მოვემზადოთ. ჩვენ იმ ტიტულისთვის ვიბრძოლებთ, რომელსაც ვიმსახურებთ. რა თქმა უნდა, ეს ადვილი არ იქნება. ჩვენ ვთამაშობთ გუნდთან, რომელიც კარგ ფორმაშია, მაგრამ „ანორთოსისიც“ ასევე მშვენიერ ფორმაშია. ჩვენ 13 წელია ტიტული არ მოგვიპოვებია. კარგი გუნდი ვართ, რომლისთვისაც ამდენი ხანი უტიტულოდ ყოფნა ძალიან ბევრია“.