ქეცბაიას „ანორთოსისმა“ ნავსი გატეხა - ფამაგუსტელებმა სტუმრად მოიგეს [ვიდეო] #1TVSPORT
ქეცბაიას „ანორთოსისმა“ ნავსი გატეხა - ფამაგუსტელებმა სტუმრად მოიგეს [ვიდეო] #1TVSPORT

თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ ნავსი გატეხა და კვიპროსის ჩემპიონატის ფინალურ ექვსეულში პირველად გაიმარჯვა, თანაც – გასვლით შეხვედრაში.

ეს კვიპროსის სუპერლიგის ბოლოსწინა, 35 ტურში მოხდა, რომელშიც „ანორთოსისი“ ლიმასოლის აელ-ს ესტუმრა. ქეცბაიამ ძირითად შემადგენლობაში ოთხივე ქართველი ათამაშა – გიორგი ლორია, მურთაზ დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ქვილითაია.

აღსანიშნავია, რომ თემურ ქეცბაიას გუნდს ჩემპიონატში ზედიზედ 8 მატჩი არ ჰქონდა მოგებული და ამ შეხვედრასაც აგებდა – 37-ე წუთზე ანგარიში აელ-ის ფეხბურთელმა ანტონი გეორგიუმ გახსნა. 44-ე წუთზე ფამაგუსტელთა სომეხმა მცველმა ჰოვანეს ამბარცუმიანმა წონასწორობა აღადგინა, ხოლო 47-ე წუთზე პავლოს კორეამ ქეცბაიას გუნდი დააწინაურა და საბოლოოდ, „ანორთოსისმა“ 2:1 გაიმარჯვა.

თავის გამოჩენა ქართველებსაც შეეძლოთ. მე-4 წუთზე ქვილითაიას თავური დარტყმის შემდეგ აელ-ი მეკარემ გადაარჩინა – ბურთი „ცხრიანიდან“ მოიგერია. 58-ე წუთზე გიორგიმ კარის წინ მეორე გოლის ავტორი კორეა დატოვა, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი „ხმელთაშუა ზღვაში ჩავარდა“. 67-ე წუთზე ოქრიაშვილმა  მეკარესთან პირისპირ დაუშვილი დატოვა, მაგრამ მას მცველი გადაეფარა და მშვენიერი შანსი დაიკარგა.

აღსანიშნავია, რომ თემურ ქეცბაიას გუნდს ჩემპიონატში ზედიზედ 8 მატჩი არ ჰქონდა მოგებული, ამ შეხვედრებიდან კი 5 წააგო. 35 ტურის შემდეგ „ანორთოსისმა“ 57 ქულა დააგროვა, მეოთხე ადგილზეა და ბოლო ტურში ლარნაკას აეკ-თან შეხვედრის მიუხედავად, სეზონს ამ პოზიციაზე დაასრულებს.