თემურ ქეცბაია - სეზონის საუკეთესო თამაში ჩავატარეთ და მაინც წავაგეთ #1TVSPORT
თემურ ქეცბაია - სეზონის საუკეთესო თამაში ჩავატარეთ და მაინც წავაგეთ #1TVSPORT

„ანორთოსისი“ კვიპროსის ჩემპიონატის მე-6 ტურში აელ-ს ესტუმრა და მიუხედავად არაერთი რეალური საგოლე მომენტისა, 1:2 დამარცხდა. ქართველთა გუნდი 6 ტურის შემდეგ 6 ქულით მე-9 ადგილზეა.

თემურ ქეცბაიამ მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ უჭირს იმის ახსნა, მისმა გაწვრთნილმა „ანორთოსისმა“ გამარჯვება როგორ ვერ მოახერხა.

„ჩემთვის ძნელია ასეთი მატჩის შემდეგ საუბარი. გასვლაზე ამაზე უკეთესად თამაში წარმოუდგენელია. მოედანზე ჩვენ ვდომინირებდით, მაგრამ ორი გოლი გავუშვით. სამწუხაროდ, პირველი ტურიდან ასე გვჭირს, ინდივიდუალური და გუნდური შეცდომების გამო გოლებს ადვილად ვუშვებთ“, – ამბობს თემურ ქეცბაია.

მისი თქმით, გული ასე არ დაწყდებოდა, „ანორთოსისი“ ცუდად რომ თამაშობდეს:

„კარგად რომ არ ვთამაშობდეთ და ისე ვაგებდეთ, არაფერს ვიტყოდი. მეორე ტაიმში ხელიდან გავუშვით რეალური საგოლე შესაძლებლობები, რომელთა გაფუჭება უფრო რთული იყო, ვიდრე გატანა. შეცდომების გამო ასეთ ძვირ „ფასს“ ვიხდით“.

ქეცბაია იმედს არ კარგავს, რომ გუნდი მდგომარეობას გამოასწორებს:

„გუნდი ბევრს ეცადა, შესაძლოა სეზონის საუკეთესო თამაშიც ჩაატარა, მაგრამ მოედანი წაგებულებმა დავტოვეთ. ეს ძალიან მტკივნეულია. ხუთი თამაშიდან არც ერთი არ უნდა წაგვეგო, მაგრამ სამჯერ დავმარცხდით. თუმცა, გუნდი კარგად თამაშობს და ეს გვაიმედებს“.