„ანორთოსისი“ და „აპოლონი“ დამარცხდნენ - ქართველებიდან მხოლოდ ლორიამ და ინჯგიამ ითამაშეს [ვიდეო] #1TVSPORT

თემურ ქეცბაიას „ანორთოსისი“ კვიპროსის ჩემპიონატში აელ-ს შეხვდა და მტკივნეული მარცხი განიცადა.

ქართველი მწვრთნელის გუნდი მეტოქეს ლიმასოლში ესტუმრა. ქეცბაიამ ძირითად შემადგენლობაში ქართველთაგან მხოლოდ გიორგი ლორია ათამაშა, ხოლო ნიკა კაჭარავა და ნიკა ნინუა სათადარიგოებში დატოვა.

ლიმასოლის „ცირიონ ატლეტიკოზე“ გამართულ შეხვედრაში აელ-ი მე-15 წუთზე პაულიუს არაიურის ავტოგოლით დაწინაურდა. 23-ე წუთზე ამრი ვარდამ წონასწორობა აღადგინა, მაგრამ სამ წუთში ბრაზილიელმა ეულერმა ფამაგუსტელებს მეორეც გაუტანა.

ქეცბაიას გუნდმა მეტოქის კართან ამის შემდეგ არაერთი რეალური საგოლე მომენტი შექმნა, მაგრამ მათი რეალიზაცია ვერ შეძლო და საბოლოოდ, აელ-მა 2:1 მოიგო.

ლიმასოლის „აპოლონი“, სადაც ქართველები თამაშობენ, ნიქოზიაში „ომონიას“ ესტუმრა და 1:0 დამარცხდა. ლიმასოლელთა შორის 83-ე წუთზე რეზი ინჯგია გამოჩნდა, გიორგი პაპუნაშვილი კი სათადარიგოებში იყო.

კვიპროსის ჩემპიონატში „ანორთოსისი“ 6 ტურის შემდეგ 6 ქულით მე-9 ადგილზეა და ერთი მატჩი თადარიგში აქვს, „აპოლონი“ (12) მეორე პოზიციაზეა.