„თელავმა“ თურქული შეკრება მოგებით დაასრულა
„თელავმა“ თურქული შეკრება მოგებით დაასრულა

ქართულმა გუნდებმა თურქულ შეკრებაზე ყაზახეთის წარმომადგენლები არ დაინდეს. გორის „დილამ“ ამ ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი კოსტანაიას „ტობოლი“ ანგარიშით 2:0 დაამარცხა, ხოლო „თელავმა“ უფრო სოლიდური ანგარიშით „ჟეტისუს“ სძლია.

თალდიყორღანის „ჟეტისუმ“ ყაზახეთის პრემიერლიგის გასულ სეზონში მეექვსე ადგილი დაიკავა. გუნდი წლების განმავლობაში სოლიდურად ფინანსდებოდა, მაგრამ 2020 წელს სანაკრებო და საკლუბო დონეზე ფიასკოს შემდეგ ყაზახურ ფეხბურთს დაფინანსება შეუმცირეს. ახლა ძვირადღირებულ ლეგიონერებს მხოლოდ ორიოდე კლუბი იწვევს. უმრავლესობა და მათ შორის „ჟეტისუც“ მხოლოდ ადგილობრივ კადრებს ეყრდნობა და ამ ქვეყნის რეალური საფეხბურთო პოტენციალი თურქულ შეკრებაზე ქართულ გუნდებთან გამართულ საკონტროლო შეხვედრებშიც გამოჩნდა.

საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ შეკრების ბოლო ტესტ-მატჩში მეტოქეს კლასი აჩვენა და იოლად, დიდი ანგარიშით – 3:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ყაზახური გუნდის კარში სამივე გოლი „თელავის“ ახალწვეულებმა გაიტანეს. ანგარიში თბილისის „ლოკომოტივიდან“ გადასულმა თავდამსხმელმა შოთა შეყილაძემ გახსნა, გუნდის უპირატესობა ბათუმის „დინამოდან“ დამატებულმა ლაშა შერგელაშვილმა გაზარდა, ხოლო საბოლოო ანგარიში რევაზ ინჯგიამ („სამტერდია“) დააფიქსირა.