თეა წულუკიანმა ნინო ლომჯარიას მიმართა - თქვენ არ ხართ ყველას ომბუდსმენი? სად არის მაგალითი, რომ პოლიციელი, დეპუტატი, მინისტრი ან სასჯელაღსრულების თანამშრომელი დაიცავით
თეა წულუკიანმა ნინო ლომჯარიას მიმართა - თქვენ არ ხართ ყველას ომბუდსმენი? სად არის მაგალითი, რომ პოლიციელი, დეპუტატი, მინისტრი ან სასჯელაღსრულების თანამშრომელი დაიცავით

პარლამენტში, ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე, სადაც სახალხო დამცველი ანგარიშთან დაკავშირებით მოხსენებით წარდგა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ნინო ლომჯარიას მიმართა და დაინტერესდა, არის თუ ის ყველას ომბუდსმენი.

„ამ ანგარიშში ერთი სიტყვა არ არის ნათქვამი პროგრესზე. ამ ანგარიშში ერთი სიტყვა არ არის ნათქვამი თანამშრომლის გაჭირვებაზე და მე მინდა, ჩემი სიტყვის დასასრულ, გაჩვენოთ ჩვენი თანამშრომლების გაჭირვება, ქალების და მამაკაცების, თუ რა პირობებში უწევთ მათ მუშაობა.

თქვენ არ ხართ ყველას ომბუდსმენი? ბიძინა ივანიშვილის ომბუდსმენი თქვენ არ ხართ, როცა ლანძღავენ და შეურაცხყოფას აყენებენ მას და მის ოჯახს. მე თქვენი დაცვა არ მახსოვს და არც მჭირდება, არ ხართ ჩემი ომბუდსმენი.

ახლახან მოვისმინე, ისიც ცოტა დაგაგვიანდათ, ბატონი ანრის მცირეწლოვანი შვილები დაიცავით და როგორღაც, გახდით მათი ომბუდსმენიც. სხვა მაგალითი სად არის, რომ თქვენ პოლიციელი, დეპუტატი, მინისტრი ან სასჯელაღსრულების თანამშრომელი დაიცავით, რომლებსაც აფურთხებენ, სცემენ, წიხლებს ურტყამენ. ეს არ არის ამ ანგარიშში. თუ ეს არ არის არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა, როდესაც ხარ დედაჩემის ასაკის ექთანი და პატიმარი გაფურთხებს და წიხლებს გირტყამს, ეს არ არის კონვენციის მესამე მუხლი, რომლის პრევენციაც თქვენ ჩემთან ერთად გევალებათ?“ – მიმართა წულუკიანმა ლომჯარიას.

სახალხო დამცველი პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტზე N2, N8, N14 და N15 პენიტენციურ დაწესებულებებში საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე მომზადებულ სპეციალურ ანგარიშთან დაკავშირებით მოხსენებით წარდგა.