თეა წულუკიანი - ვინმეს რომ რამის გაყალბება სდომებოდა, განა 48 პროცენტს დაუწერდა თავის თავს
თეა წულუკიანი - ვინმეს რომ რამის გაყალბება სდომებოდა, განა 48 პროცენტს დაუწერდა თავის თავს

ვინმეს რომ რამის გაყალბება სდომებოდა, განა 48 პროცენტს დაუწერდა თავის თავს, როგორ გგონიათ?, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „მოამბე – დღის თემის“ ეთერში განაცხადა.

თეა წულუკიანმა უპასუხა შეკითხვას, გადაითვლება თუ არა ყველა უბანი და თუ გეგმავს „ქართული ოცნება“ მოლაპარაკებებს ოპოზიციასთან.

„მე, პირადად და მთლიანად, პოლიტიკური გუნდი ძალიან ვცდილობთ, რვა წელი ამას სისუსტეს ეძახდნენ და მოდით, დაე ჩამითვალეთ დღესაც ეს სისუსტედ – მე ვერ ვისაუბრებ ცესკო-ს მაგივრად, მე ვერ ვისაუბრებ საოლქო კომისიების მაგივრად, მე რომ მეკითხებით არის თუ არა დისბალანსები, მე არ ვიცი, სად რა დისბალანსია.

მე რომ ვიყო ცესკო-ს თავმჯდომარე, რა თქმა უნდა ეს მეცოდინებოდა. ცესკო-მ, რადგან ის თავმჯდომარეა, რომელიც დღეს არნახული თავდასხმების მსხვერპლია და ეს რომ ჩვენ ოპოზიციაში ჩვენი ყოფნის დროს გაგვეკეთებინა და გვეკადრა, ვიქნებოდით გამათრახებულები, ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. მაგრამ, ეს კითხვები ეკუთვნის საარჩევნო ადმინისტრაციას. მე ვხედავ ერთს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ბევრ შემთხვევაში არ დაელოდა საჩივრებს და თავისით გადათვალა, გადაამოწმა, რაღაცები გააუქმა, შეასწორა და ა.შ. მთავარი არის ის, რომ ეს არის პროცესი, როდესაც, ბოდიშს ვიხდი გამოთქმისთვის და უსინდისოდ ამბობენ, რომ რაღაცა გაყალბდა. ვინმეს რომ რამის გაყალბება სდომებოდა, ის განა 48 პროცენტს დაუწერდა თავის თავს? როგორ გგონიათ?!“ – განაცხადა თეა წულუკიანმა. 

ამასთან, მან კომენტარი გააკეთა გადაცემის წინა სტუმრის, „გირჩის“ წარმომადგენლის, იაგო ხვიჩიას განცხადებების შესახებ.

„ასევე, ჩემი წინამორბედი სპიკერი საუბრობდა, თუ არ იქნება კოალიციური მთავრობა. მოდით, დავსერიოზულდეთ, როგორ იქნება კოალიციური მთავრობა, მათ მიერვე მოთხოვნილი წესებითვე ვითამაშეთ ჩვენ, როდესაც თქვეს, რომ 40 პროცენტზე მეტს თუ მიიღებთ, მხოლოდ ამ შემთხვევაში ჩამოაყალიბეთ მთავრობაო. ნებისმიერი ლეგენდებით, ვერსიებით, ეგზიტპოლებით, გამოკვლევებით და ა.შ, ჩვენ მათივე მონაცემებითაც 40 პროცენტზე მეტი მივიღეთ ხომ?! როგორ იქნება აბა კოალიციური მთავრობა, ვერ იქნება. მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიცია მუდმივად ითხოვდა, რომ არჩევნები ჩატარებულიყო მათი მოდელით. მათი მოდელით ჩატარდა, სიამოვნებდა ეს ჩვენს ამომრჩეველს?! არ სიამოვნებდა. გავუცრუეთ ჩვენ ჩვენს ამომრჩეველს იმედი იმით, რომ ოპოზიციის მიერ შემოთავაზებული მოდელით ჩავატარეთ არჩევნები?! რა თქმა უნდა გავუცრუეთ, მაგრამ მათივე მოდელით ჩატარებულ არჩევნებში, ჩვენ ვართ პირველი ძალა. ამას ვიღაცა გაუსწორებს თვალს, ვიღაცა არა. მაგრამ ისევ ჩემს წონამორბედს დავუბრუნდები და ნამდვილად, მეც ვფიქრობ, რომ არის ტრადიცია თითქოს, რომ თუ ხარ ყოფილი მინისტრი ან რაღაც თანამდებობა გეკავა, არ უნდა ეოპონენტო და არ უნდა ედებატო სხვას. მე არ მაქვს ეს, ფეისბუკზეც ვწერ, ვოპონირებ და ა.შ. მით უმეტეს, რომ მე დღეს ვარ არავინ და სრულებითაც მინდა ვიღაცებს მოვუწოდო, მომმართეთ ქალბატონო არავინ. დღეს ვიღაც მეძახდა ფეისბუკზე მინისტრი ხარო. არ ვარ, ბატონო, მინისტრი, მე ვარ არავინ. მე ვარ კანდიდატი, პარლამენტი წევრიც კი არ ვარ, ამიტომ ჩემი გამოხატვის თავისუფლება არის ისეთივე უსაზღვრო, როგორიც ბატონო ხვიჩიასი, ისეთივე უსაზღვრო, როგორიც ბატონი მელიასი და სხვების.

ამიტომაც, მეც ვამბობ, არა, ბატონებო, ვერ შვებით ამ რევოლუციას. რევოლუცია ამ ქვეყანაში არ იქნება. ის 928 000 ადამიანი არის საზოგადოება ასევე და მოდით, ნუ ილაპარაკებთ მთელი საზოგადოების სახელით.

მე ჩემს წინამორბედს ვუბრუნდები, ეს კარგია, თუნდაც ერთმანეთის მიყოლებით დებატი. მე როდესაც ჩამოვედი საქართველოში, დავტოვე ჩემი სამსახური. კიდევ ერთხელ ვამბობ, „ნაციონალებს“ ჩემთვის პირადად არასდროს არაფერი დაუშავებიათ, მაგრამ მე ვარ მათ წინააღმდეგ პოლიტიკაში და სწორედ მათნაირებს მოშორებას ვცდილობ, როგორც ერთი ადამიანი, ჩემ გუნდთან ერთად პოლიტიკიდან, რომ სხვები შემოვიდნენ, თორემ ის განცდა, რომ მე​ მუდმივად არ უნდა ვიყო და ერთი პოლიტიკური ძალა მუდმივად არ უნდა იყოს, ეს ჩვენ ყველას გვაქვს. ამიტომ, შემოვიტანეთ ის მოდელი, რომელიც დღეს არის. დაე, ვინც ხმები მიიღეთ, მობრძანდით პარლამენტში. თუ არ მობრძანდებით, ესეც თქვენი პასუხისმგებლობაა და ვერავითარ შემთხვევაში შანტაჟის ენას ვერ ექნება საუბარი“, – აცხადებს წულუკიანი.

მისივე თქმით, გაყალბება არ მომხდარა, იყო ტექნიკური ხარვეზები.

„აგერ, სოზარ სუბარს 200 ხმას პარავდა ხაბეიშვილი, დაიბრუნა ეს ხმები, სადღაც პატრიოტთა ალიანსს 30 ხმა აკლდა, დაემატა ეს ხმები. ეს არის ჯანსაღი პროცესი“, – აცხადებს თეა წულუკიანი.