თეა წულუკიანი - შეიძლება, ითქვას, რომ ამ საღამოს მიხეილ სააკაშვილი და მისი პარტია პოლიტიკურად პრაქტიკულად აღარ არსებობენ
ამ საღამოს შეიძლება, ითქვას, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი პარტია პოლიტიკურად პრაქტიკულად აღარ არსებობენ, მაგრამ ამას ხვალ „ქართული ოცნების“ გამარჯვებით სჭირდება საბოლოო ბეჭდის დასმა, – ამის შესახებ „იმედის“ ეთერში ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
„ეს დესტრუქციული ძალები ემზადებოდნენ ქვეყნის ასარევად, მათ არ უწარმოებიათ წინასაარჩევნო კამპანია. ჩვენ მედიის საშუალებით ამას დღეში რამდენჯერმე ვეუბნებოდით საზოგადოებას, რომ ეს ხალხი არ ემზადებიან არჩევნებისთვის, არამედ 3 ოქტომბრისთვის.
სწორედ ეს პროვოკაცია, ქვეყნის არევის მცდელობა ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ნაწარმოებმა მნიშვნელოვანმა ოპერაციამ სამართალდამცველებთან ერთად აგვარიდა თავიდან და კიდევ ერთხელ მინდა, მათ მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მიხეილ სააკაშვილმა დღეს დილით საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც მიანიშნა, რომ არალეგალურად შემოვიდა ქვეყანაში და უკვე საქართველოშია. მოგვიანებით, მან გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც ასევე მიანიშნა, რომ იმყოფებოდა ბათუმში. ამასთან, ცოტა ხნის შემდეგ, სააკაშვილმა კიდევ ერთი ვიდეო გაავრცელა, სადაც განაცხადა, რომ ვიდეო ბათუმის ბულვარშია გადაღებული.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია.
ცოტა ხნის წინ, შსს-მ მიხეილ სააკაშვილის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანის ვიდეოკადრები გაავრცელა.