თეა წულუკიანი - იუსტიციის სისტემის განვითარების ისტორიაში ამგვარი ინფრასტრუქტურული საქმიანობა არის უპრეცედენტო
თეა წულუკიანი - იუსტიციის სისტემის განვითარების ისტორიაში ამგვარი ინფრასტრუქტურული საქმიანობა არის უპრეცედენტო

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს სამინისტროს მუშაობის შედეგები გააცნო.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, საარჩევნო კოდექსში ცვლილებებით რეალურად მოგვარდა პრობლემა რეგისტრაციიდან მოხსნილი პირების საარჩევნო უფლებასთან დაკავშირებით.

„აღნიშნული საკითხის ირგვლივ ყოველ საარჩევნო წელს ისმოდა კრიტიკული შენიშვნები ორივე მხრიდან.გასული წლის არჩევნებზე კი, როგორც მოგეხსენებათ, რეგისტრაციიდან მოხსნილ პირებთან მიმართებით პრობლემები არ შეგვქმნია. სწორედ თქვენი მხარდაჭერით შევძელით ამ ცვლილებების კანონად ქცევა“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრმა დეპუტატებს მიმდინარე და უახლოეს წლებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ესაუბრა.

„ბოლო ერთი წლის განმავლობაში იუსტიციის სახლები გაიხსნა მარტვილში,სენაკსა და ახალქალაქში. საზოგადოებრივი ცენტრები – ლანჩხუთში, აწყურში, სანიორეში, ნაფარეულში, ზედასაზანოში, ლესიჭინეში საჩხერეში, წნორში, დმანისში, ადიგენში, ახალსოფელში, მუხრანში, უდაბნოსა და საწირეში.ქორწინების სახლები გაიხსნა  ახალქალაქში, მარტვილსა და სენაკში.საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა  წელს დასრულდება შუახევსა და დუშეთში. 2019 წელს დაიწყება საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა დედოფლისწყაროში, ვანში, ბაღდადში, ჭიათურაში, ტყიბულში, ამბროლაურში, ქობულეთში, ცაგერში, ქედაში, ხულოსა და თეთრწყაროში, როგორც წესი, გაერო ამ ტიპის მშენებლობებს არ აფინანსებს და მადლობას ვუხდით მათ ამ პირველი ნაბიჯისთვის. სექტემბრიდან ორი საზოგადოებრივი ცენტრი აშენდება კაჩაგანში და ულამაზეს სოფელ ჭრებალოში. ასევე, გლდანელებს, მუხიანელებსა და ნაძალადეველებს მინდა ვუთხრა, რომ ჩვენ, როგორც იცით, კერძო და საჯარო პარტნიორობის ტიპის პროექტი გავაკეთეთ და ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში საზოგადოებრივი ცენტრი მოვაწყვეთ, სადაც (გლდანში) გაიცემა სერვისები. რა თქმა უნდა, მოველოდით, რომ ეს იქნებოდა წარმატებული პროექტი, მაგრამ არ დაგიმალავთ და ასეთ წარმატებას არ ველოდით. ვგულისხმობ ნაკადებს. რეალურად ეს პროექტი დღეს არის, თუ შეიძლება ითქვას, თავისივე წარმატების მსხვერპლი. ამიტომაც წელს ვგეგმავთ ახალ ფართში გადასვლას, რომელიც იქნება გაცილებით უფრო დიდი. ასევე იქნება გლდანში, რათა მათ ჰქონდეთ საზოგადოებრივი ცენტრი“,-განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, 2020 წლისთვის შესაძლებელი იქნება ითქვას, რომ ამ ხელისუფლების პირობებში აშენდა და გაიხსნა 18 იუსტიციის სახლი და 70 საზოგადოებრივი ცენტრი, 6 რეგიონული არქივი და განხორციელდა არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი.

„მე ვთვლი, რომ ამგვარი ინფრასტრუქტურული საქმიანობა არის უპრეცედენტო იუსტიციის სისტემის განვითარების ისტორიაში და მინდა, თითოეულ იუსტიციელს, მაჟორიტარსა და რწმუნებულს მადლობა გადავუხადო“,-განაცხადა თეა წულუკიანმა.