თეა წულუკიანი - იმ ტიპის გამოძიება, რომელიც გამოხატვის თავისუფლების გამო განკითხვას დაემსგავსება, ჩვენს ქვეყანაში ვერ მოხდება
თეა წულუკიანი - იმ ტიპის გამოძიება, რომელიც გამოხატვის თავისუფლების გამო განკითხვას დაემსგავსება, ჩვენს ქვეყანაში ვერ მოხდება

იმ ტიპის გამოძიება, რომელიც გამოხატვის თავისუფლების გამო განკითხვას დაემსგავსება, ჩვენს ქვეყანაში ვერ მოხდება, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „ფეისბუქის“ მიერ საქართველოში შექმნილი 418 არაავთენტური ანგარიშის წაშლის კომენტირებისას განაცხადა. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, უნდა გამოიძიოს თუ არა ეს ფაქტი ქართულმა საგამოძიებო ორგანოებმა.

„ვერავითარი დანაშაულის ნიშანი ამაში ვერ იქნება და თუ ვერ იქნება, გამოძიებაც ვერ დაიწყება. თუ იქნება დანაშაულის ნიშანი და თქვენ გაქვთ სავარაუდო კვალიფიკაცია კოდექსის მუხლიდან, შეიძლება დაიწყოს. მაგრამ ამ ეტაპზე, პოლიციამაც გააკეთა განცხადება, არ იგეგმება რაიმე ტიპის გამოძიების დაწყება. იგივე ანალოგით რომ ვიმსჯელოთ, მაშინ ნებისმიერი პოლიტიკოსი თუ პოლიტიკოსის სახელს ამოფარებული მოქალაქე უნდა დაისაჯოს, იქნება ეს ოპოზიციის მომხრე თუ „ქართული ოცნების“ მომხრე.

შესაბამისად, იმ ტიპის გამოძიება, რომელიც გამოხატვის თავისუფლების გამო განკითხვას დაემსგავსება, რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაში ვერ მოხდება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

სოციალურმა ქსელმა, „ფეისბუქმა“ საკუთარი პლატფორმიდან და „ინსტრაგრამიდან“ საქართველოში შექმნილი 418 არაავთენტური ანგარიში წაშალა. „ფეისბუქის“ ინფორმაციით, საუბარია ყალბ ანგარიშებზე, ჯგუფებსა და გვერდებზე, რომლის უკან მდგომი პირებიც ერთმანეთთან კოორდინაციით ქმნიდნენ ქსელს და ცდილობდნენ, შეცდომაში შეეყვანათ ადგილობრივი აუდიტორია, მათი ვინაობისა და საქმიანობის შესახებ.