თბილისში ტრანსპორტის საკითხებში ევროკავშირი-საქართველოს მაღალი დონის დიალოგის სხდომა გაიხსნება
თბილისში ტრანსპორტის საკითხებში ევროკავშირი-საქართველოს მაღალი დონის დიალოგის სხდომა გაიხსნება

თბილისში დღეს ტრანსპორტის საკითხებში ევროკავშირი-საქართველოს მაღალი დონის დიალოგის სხდომა გაიხსნება.

სხდომას საქართველო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია და ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორი ჰენრიკ ჰოლოლეი გახსნიან.

„ტრანსპორტის საკითხებზე ევროკავშირი-საქართველოს მაღალი დონის დიალოგის ფორმატი მცირე ხნის წინ დაარსდა. შესაბამისად, თბილისში აღნიშნული ფორმატით პირველი სხდომა იმართება. აღნიშნული გადაწყვეტილების მთავარ მიზანს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის განვითარება და გაღრმავება წარმოადგენს“, – აცხადებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.

მათივე ცნობით, თბილისში დაგეგმილ პირველ სხდომაზე მხარეები განიხილავენ ისეთ სტრატეგიულ საკითხებს, როგორიცაა ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის განვითარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ევროკავშირის სტრატეგია ევროპა-აზიის დაკავშირების კუთხით, რომლის დროსაც საქართველოს მხარე წარადგენს პრეზენტაციას საკუთარ სატრანზიტო შესაძლებლობებზე ევროკავშირის სტრატეგიის განხორციელების გზაზე. შეხვედრაზე ასევე აქცენტი გაკეთდება სატრანსპორტო კავშირების გაციფროვნებაზე, საგზაო უსაფრთხოებაზე, ურბანული სატრანსპორტო სისტემების განვითარებასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

ტრანსპორტის საკითხებში ევროკავშირი-საქართველოს მაღალი დონის დიალოგის სხდომა დღეს, 11:00 საათზე სასტუმრო „რედისონში“ გაიხსნება.