თბილისის „ლოკომოტივმა“ მწვრთნელისა და მოთამაშეების გაშვების მიზეზი დაასახელა #1TVSPORT
თბილისის „ლოკომოტივმა“ მწვრთნელისა და მოთამაშეების გაშვების მიზეზი დაასახელა #1TVSPORT

თბილისის „ლოკომოტივმა“ განცხადება გაავრცელა, სადაც განმარტა, რატომ შეელია მთავარ მწვრთნელს და მოთამაშეთა ბირთვს.

„მიმდინარე ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, „ლოკომოტივი“ იძულებული გახდა უარი თქვას მოდელზე, რომლითაც ხელმძღვანელობდა ბოლო წლების განმავლობაში. ვწუხვართ, რომ ბევრი მცდელობის მიუხედავად, ვერ ვახერხებთ შევინარჩუნოთ არსებული გუნდი გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით. აქამდე არსებულ ფინანსურ წყაროებზე წვდომა შეუძლებელი გახდა, რამაც გამოიწვია შექმნილი გარემოება“, – წერია გუნდის განცხადებაში.

„ლოკომოტივი“ აცხადებს, რატომ გახდა ფინანსური მდგომარეობა პრობლემური.

„ვადასტურებთ, რომ გვაქვს ინფორმაცია სახელმწიფო დაფინანსების არსებობის შესახებ, თუმცა ჯერ არ ვიცით რა სტრუქტურით მოხდება თანხების განაწილება კლუბებზე. ასევე სპონსორთან მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, კლუბის დაფინანსება დამოკიდებულია სათამაშო ბიზნესის ასოციაციის საერთო გადაწყვეტილებაზე, რომელიც უკავშირდება მათ სასპონსორო კუთხით ინტეგრაციას ქართულ სპორტში. აღნიშნული მოცემულობები ართულებს პასუხისმგებლობის აღებას, ფეხბურთელების და კლუბში მომუშავე პერსონალის მიმართ“.

ამავე დროს, კლუბი აცხადებს, რომ საკუთარ რესურსებს დაეყრდნობა.

„თბილისის „ლოკომოტივი“ თავისივე ფინანსური რესურსით გააგრძელებს წინსვლას და გუნდის ჩამოყალიბებას, რომლის მიზანიც ყოველთვის იყო ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარება და მათი ხელშეწყობა“.