თბილისი სტარტაპებთან დაკავშირებულ მასშტაბურ ღონისძიებას მასპინძლობს
თბილისი სტარტაპებთან დაკავშირებულ მასშტაბურ ღონისძიებას მასპინძლობს

თბილისი სტარტაპებთან დაკავშირებულ მასშტაბურ ღონისძიებას მასპინძლობს. Startup Grind Europe-Asia Connect-ი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, Startup Grind Tbilisi-ის დირექტორმა კოლინ დონოჰიუმ და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ გახსნეს. Startup Grind-ის რეგიონული ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით იმართება და მას 1 500-ზე მეტი მონაწილე ესწრება.

საქართველოში დაგეგმილი რეგიონული ღონისძიება Startup Grind-ის ფარგლებში გამართული მესამე ყველაზე მასშტაბური ღონისძიება იქნება „სილიკონ ველისა“ (8000 დელეგატი) და ლონდონის (3000 დელეგატი) შემდეგ. კონფერენცია აერთიანებს 30-ზე მეტ სპიკერს 20-ზე მეტი ქვეყნიდან.

ორი დღის განმავლობაში ტექნოლოგიური კონფერენციის სპიკერები იქნებიან ისეთი კომპანიების დამფუძნებლები და წარმომადგენლები, როგორიც არის: Google, Glovo, 500 Startups Fintech Fund, Picsart, Garage Ventures, Shift, Nexus Partners და სხვა. ასევე, ანტრეპრენერები, ტრენერები და ინვესტორები ევროპიდან და აშშ-დან. ღონისძიება მოიცავს მრავალფეროვან სესიებსა და ფორმატებს, რომლებიც დამსწრეებს ევროპის მასშტაბით, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში ახალ მიღწევებს გააცნობენ.

Startup Grind-ის რეგიონული ღონისძიება თავს უყრის მსოფლიოს წარმატებულ სტარტაპებს, ტექნოლოგიების სფეროში მოქმედ კომპანიებსა და ექსპერტებს იმისთვის, რომ რეგიონი მიმზიდველი გახადოს მსოფლიოს წარმატებული ბიზნესებისთვის, ხელი შეუწყოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებას, ინვესტიციების მოზიდვას, ქართული და რეგიონალური კომპანიებისა და სტარტაპებისთვის ახალი კავშირების დამყარებას და გამოცდილების გაზიარებას.

Startup Grind-ის პარალელურად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ 100 ათასლარიანი თანადაფინანსების საგრანტო პროგრამის დაწყების შესახებ გამოაცხადა, რომელსაც ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მსოფლიო ბანკის „ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის“ (GENIE) მხარდაჭერით უკვე მეოთხედ ახორციელებს.