თამაზ მაქაცარია - ბომბარდირობისთვის ბოლომდე ვიბრძოლებ #1TVSPORT
თამაზ მაქაცარია - ბომბარდირობისთვის ბოლომდე ვიბრძოლებ #1TVSPORT

„გაგრასა“ და ეროვნული ლიგა 2-ის ბომბარდირმა თამაზ მაქაცარიამ „შევარდენთან“ შეხვედრაში პოკერი შეასრულა და 20 გატანილი გოლით ეროვნული ლიგა 2-ის ბომბარდირობისთვის იბრძვის.

თამაზ მაქაცარია თავიდან ბომბარდირთა დავაში დიდი უპირატესობით იყო დაწინაურებული, მაგრამ შემდეგ დაშავდა და კონკურენტებმა გაასწრეს. მაგრამ ჩამორჩენა ერთი გასროლით შეამცირა და იმედოვნებს, რომ ბომბარდირთა დავაში გაიმარჯვებს.

„მთლიანობაში თამაში კარგად აეწყო. 4 გოლი და საგოლე გადაცემა გავაკეთე. პოკერი ჩემს კარიერაში პირველად შევასრულე, რის გამოც, კმაყოფილი და ბედნიერი ვარ. მართალია ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, მაგრამ შევიტყვეთ, რომ საჩხერეში „ჩიხურამ“ ბოლნისის „სიონს“ გოლი გაუტანა და მობილიზება მოვახდინეთ. სიჩქარეები ჩავრთეთ და ათ წუთში დაწინაურება მოვახერხეთ. შეიძლება ითქვას, ყველანაირი გემოვნების გოლი გავიტანე. რაც შეეხება ჩემს ბომბარდირობას, თანაგუნდელების ხელშეწყობით ბოლომდე ვიბრძოლებ. მთავარი ჩემთვის მაინც გუნდის წარმატებაა“, – ამბობს თამაზ მაქაცარია.

35-ე ტურში „გაგრა“ ბოლნისში „სიონს“ ესტუმრება და ამ შეხვედრის ბედი პირველობაზეც მოახდენს გავლენას და ბომბარდირთა დავაზეც. თამაზ მაქაცარიამ მოახლოებულ დაპირისპირებაზეც ილაპარაკა.

„ბოლნისში უმნიშვნელოვანესი თამაში გვაქვს. იქაც შევეცდებით მაქსიმალური მობილიზაცია მოვახდინოთ. იმედია ტრავმირებული ფეხბურთელებიც დაგვიბრუნდებიან. გვინდა, რომ ბოლნისელებს ზეიმი გადავუვადოთ. ვნახოთ რა გამოვა“, – აცხადებს „გაგრას“ თავდამსხმელი.

დატოვე კომენტარი