თამარ ჩუგოშვილი - არის ბევრი რამ, რაზეც მადლობა უნდა გადავუხადოთ მამუკა ბახტაძეს, არის ბევრი ნაკლოვანებაც
თამარ ჩუგოშვილი - არის ბევრი რამ, რაზეც მადლობა უნდა გადავუხადოთ მამუკა ბახტაძეს, არის ბევრი ნაკლოვანებაც

​არის ბევრი რამ, რაზეც მადლობა უნდა გადავუხადოთ მამუკა ბახტაძეს, არის ბევრი ნაკლოვანებაც, – განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა.

ჩუგოშვილი აცხადებს, რომ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ხვალისთვის გახდება ცნობილი.

„პრემიერ-მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების თაობაზე. ამაზე თავად გააკეთა განცხადება და საკმაოდ დეტალურადაც. მამუკა ბახტაძე საზოგადოებისთვის დამატებითი ინფორმაციის მისაწოდებლად ხვდება მედიის წარმომადგენლებს და მისი პოზიცია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩემი, ამ საკითხთან დაკავშირებით.

რაც შეეხება იმას, თუ რა ცვლილებები გველოდება წინ, ხვალ გვექნება დამატებითი მსჯელობა. პარტიაში გაიმართება პოლიტიკური საბჭოს შეხვედრა და შესაბამისად, საზოგადოებას მოვახსენებთ კანდიდატის თაობაზე და ასევე იმის თაობაზე, დამატებითი ცვლილებები არის თუ არა მოსალოდნელი მინისტრთა კაბინეტში.

ჯერჯერობით, თავს შევიკავებ საუბრისგან, მიუხედავად იმისა, რომ წინასწარი მსჯელობები გვქონდა, მაგრამ საზოგადოებას ინფორმაციას მივაწვდით მას შემდგომ, რაც პოლიტსაბჭოს სხდომა ჩატარდება“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ ბევრ რამეზე არის საუბარი, რასაც წინასწარ ვერ გაამხელს.

„შეგნებულად თავს ვიკავებთ ინფორმაციის წინასწარ გავრცელებისგან, ვიდრე არ ჩატარდება ის შეხვედრა, რაც აუცილებელია მსგავსი ინფორმაციის გასავრცელებლად. ვფიქრობ, არის ბევრი რამ, რაზეც მადლობა უნდა გადავუხადოთ პრემიერ-მინისტრს, არის ბევრი ნაკლოვანება, რომელსაც ვხედავთ ზოგადად, ხელისუფლების საქმიანობაში. ჩემთვის ბევრი რამ გამოჩნდა მას შემდგომ, რაც რეგიონებში დავიწყეთ მოსახლეობასთან შეხვედრა და ჩანს რაღაც საკითხები, რომელსაც ნამდვილად სჭირდება სერიოზულად ყურადღება. თუმცა, სხვადასხვა პროგრამები, რომლებზეც ის მუშაობდა, მათ შორის განათლებასთან დაკავშირებული, მასწავლებლების ანაზღაურებასთან დაკავშირებული და ა.შ. არის მნიშვნელოვანი პროგრამები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის განვითარების დონეს წაადგება. ალბათ, ბევრი მსგავსი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ ისევ ჯობს, თავად ისაუბროს თავის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მამუკა ბახტაძემ დღეს განცხადება გაავრცელა, რომ პრემიერის თანამდებობას ტოვებს.  ცოტა ხნის წინ მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქზე“ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს: „ჩემთვის იყო დიდი პატივი და, ამავდროულად, დიდი პასუსიხსმგებლობა, მემსახურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად. მე ვიყავი და ვიქნები „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი და ჩვენი ქვეყნის ერთგული ჯარისკაცი. მსურს, მადლობა გადავუხადო ჩემს წინამორბედებს და წარმატება ვუსურვო მომავალ პრემიერ-მინისტრს“.

დატოვე კომენტარი