თამარ ჩერგოლეიშვილი - პრინციპული პოზიცია მაქვს, გოგა ხაინდრავას რაც შეიძლება ცოტა უნდა ელაპარაკა იმ ეთერში, სადაც მე ვიჯდებოდი
თამარ ჩერგოლეიშვილი - პრინციპული პოზიცია მაქვს, გოგა ხაინდრავას რაც შეიძლება ცოტა უნდა ელაპარაკა იმ ეთერში, სადაც მე ვიჯდებოდი

გადაცემაში შეგნებულად მოვედი, რომ გოგა ხაინდრავასთვის ობსტრუქცია გამეკეთებინა, რადგან პრინციპული პოზიცია მაქვს, ამ ადამიანს რაც შეიძლება ცოტა ელაპარაკა იმ ეთერში, სადაც მე ვიჯდებოდი, – ამის შესახებ „ტაბულას“ რედაქტორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„მინდოდა, მისთვის ლაპარაკის საშუალება არ მიმეცა, რადგან მე მას ყველა იმ საზიზღრობის განსახიერებად მივიჩნევ, რაც ქვეყანას სჭირს. უსინდისობაა, როცა ეს ადამიანი დადის და მორალს კითხულობს“, – განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

გადაცემის წამყვანმა სტუმარს მიმართა, რომ მას ობსტრუქცია გამოუვიდა, რადგან 55 წუთის განმავლობაში, საუბრის საშუალება არავის მისცა.

ჩერგოლეიშვილმა ასევე განაცხადა, რომ ესმის ივანიშვილის „შნირების“ მოწადინება, სააკაშვილისგან რაღაცნაირად, საფრხობელა შექმნან და ხალხი შეაშინონ, რადგან ისინი ფიქრობენ, რომ ყველა, ვინც ბიძინა ივანიშვილს ეწინააღმდეგება, მიხეილ სააკაშვილია, მაგრამ ხალხი იდიოტი არ არის.

როგორც „ტაბულას“ რედაქტორმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილი ფარცხალაძეებისა და შოთაძეების მძევალია, რადგან ხელისუფლებას მათი დახმარებით ინარჩუნებს, ისინი კი, მას აუცილებლად დაღუპავენ.

„ბიძინა ივანიშვილის ინტერესშია, ქართული დემოკრატია არ განვითარდეს, რადგან დემოკრატიის პირობებში, ის ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებს“, – განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა დიდი მარცხი განიცადა, რადგან ვერაფერი გააკეთა და დღემდე იმით იმართლებენ თავს, თუ რა ცუდი იყო წარსული.

„ბიძინა ივანიშვილი ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების გამოსწორების მანდატით მოვიდა, რადგან საქართველოს წინაშე აღარ იდგა ისეთი ეგზისტენციალური საკითხები, როგორც მაგალითად, უშუქობა. მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული საკითხები უკვე წინა ხელისუფლებას ჰქონდა მოგვარებული და ივანიშვილს რაღაცნაირად უნდა დაედო შედეგი, რომლის მიხედვითაც, მართლმსაჯულება უფრო დამოუკიდებელი იქნებოდა, მედია უფრო თავისუფალი და ადამიანის უფლებები უფრო უკეთ დაცული“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.