თაკო ჩარკვიანი - გრიგოლ ვაშაძე დიპლომატია და როგორც დიპლომატი, გამოსავალს ეძებდა, ამიტომ გააკეთა ამ ტიპის განცხადება, ჩემს მეგობარ გრიგოლ ვაშაძეს არ ვეთანხმები
თაკო ჩარკვიანი - გრიგოლ ვაშაძე დიპლომატია და როგორც დიპლომატი, გამოსავალს ეძებდა, ამიტომ გააკეთა ამ ტიპის განცხადება, ჩემს მეგობარ გრიგოლ ვაშაძეს არ ვეთანხმები

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ გრიგოლ ვაშაძე დიპლომატია და როგორც დიპლომატი, გამოსავალს ეძებდა, ამიტომ გააკეთა დღეს ასეთი ტიპის განცხადება. ამასთან, ჩარკვიანი აფიქსირებს საკუთარ პოზიციას, რომ არ ეთანხმება გრიგოლ ვაშაძეს.

ამის შესახებ ჩარკვიანმა განაცხადა მათი პარტიის, ასევე „ევროპული საქართველოს“, „გირჩისა“ და „ლელოს“ შეხვედრის შემდეგ.

„ოპოზიცია ასე იკრიბება ხოლმე, ეს არ არის განსაკუთრებით, რაღაც ისეთი შეხვედრა. თუმცა, ბატონი გრიგოლის განცხადებამ გამოიწვია, ასე ვთქვათ, თავყრილობა. ვფიქრობ, გრიგოლ ვაშაძე დიპლომატია და როგორც დიპლომატი, გამოსავალს ეძებდა, ამიტომ გააკეთა ამ ტიპის განცხადება.

ჩემს მეგობარ ბატონ გრიგოლ ვაშაძეს არ ვეთანხმები. იმიტომ, რომ ჩვენ არასამართლებრივ დიალოგს არც ჩვენ ვთავაზობთ არავის. განა ოპოზიცია არასამართლებრივად საუბრობს? განა პროკურატურას რომ მივაკითხეთ სარჩელით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ სამართლებრივი გზით ვაპირებთ საუბარს? მაგრამ ერთი არის სამართლებრივი დიალოგი და მეორე არის არასამართლებრივ მოქმედებაში შეჰყვე ხელისუფლებას. არასამართლებრივ მოქმედებაში ხელისუფლებას არ უნდა შევყვეთ.

აქ ვართ ოპოზიციური პარტიები და არ ვაპირებთ შესვლას. ხატია დეკანოიძემ განცხადება გააკეთა, რომ არ იყო შეთანხმებული ბატონი გრიგოლის განცხადება, არ იყო შეთანხმებული მათ პარტიასთან, „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელი“, იცით ჩვენი მყარი პოზიცია ამ ყველაფერთან დაკავშირებით, რომ არ ვაპირებთ შესვლას“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა ოპოზიციონერ კოლეგებთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ გაავრცელა განცხადება, სადაც პარტიებს მოუწოდა, პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან გადაიტანონ და ყველა ძალას მოუხმონ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად. ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ საკუთარ განცხადებასთან დაკავშირებით მოგვიანებით განმარტება გაავრცელა. „მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს; ამ პროტესტს სასწრაფოდ უნდა დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი – სამართლიანი არჩევნების პრინციპების განხორციელების თაობაზე მოლაპარაკებების სახით სტრატეგიული მოკავშირეების მედიაციით; სანამ/თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება არც მეორე ტურში მონაწილეობას არ ვღებულობთ და არც პარლამენტში არ შევდივართ; ერთხელ და სამუდამოდ ყველა უნდა დავიძაბოთ, რომ მომავალში ქუჩის პროტესტმა ნორმალური პროცესი არ ჩაანაცვლოს არჩევნების გაყალბების გამო“, – წერს გრიგოლ ვაშაძე.