ტაიმაუტის ექსკლუზივი | გოგა ბითაძე - „ინდიანაში“ დავამტკიცე, რომ მეტი შემიძლია და თამაშს ვიმსახურებ #1TVSPORT
ტაიმაუტის ექსკლუზივი | გოგა ბითაძე - „ინდიანაში“ დავამტკიცე, რომ მეტი შემიძლია და თამაშს ვიმსახურებ #1TVSPORT

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ცენტრმა, 22 წლის გოგა ბითაძემ NBA-ში „ინდიანა პეისერსის“ შემადგენლობაში გამორჩეული სეზონი ჩაატარა. ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სეზონი დასრულდა, ახალგაზრდა ცენტრს კი ნაკრების შემადგენლობაში მნიშვნელოვანი მატჩები ელის.

გოგა ბითაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განვლილი სეზონის, მომდევნო სანაკრებო მატჩებისა და სხვადასხვა საინტერესო თემების შესახებ ისაუბრა.

მოსამზადებელი ეტაპი

საქართველოს ნაკრებმა შეკრება დაიწყო, ბიჭები ვარჯიშობენ, უბრალოდ მე წერილი მომივიდა NBA-იდან, რომ 27 ივნისიდან შემიძლია ნაკრებს შევუერთდე და ვივარჯიშო, შესაბამისად, 27-მდე ინდივიდუალურად მოვემზადები, გავივლი კომბინაციებს და მექნება კონტაქტი მწვრთნელებთან, რომ კომბინაციები კარგად ვიცოდე და მზად ვიყო ტაქტიკურად, შემდეგ კი გუნდს შევუერთდები და დარწმუნებული ვარ, მზად ვიქნები.

კალათბურთის ახალი დარბაზი

დარბაზი მთლიანად რომ მორჩება, მერე მინდა მივიდე და ერთიანად ვნახო, მაგრამ ვინც ნახა, ყველას ძალიან მოეწონა და რა თქმა უნდა, აკმაყოფილებს ევრობასკეტის ყველა მოთხოვნას. ახალი დარბაზის გახსნა საერთოდ კარგი არის კალათბურთელებისთვისაც, არამარტო ევრობასკეტის კუთხით.

ევრობასკეტი 2022

ფიბა-სთან ვისაუბრე და ვფიქრობ, მაყურებლის ისეთი მხარდაჭერა გვაქვს, რომ ყველასთან მოგება შეგვიძლია და მარტო მე არ ვფიქრობ ასე. რაც შეეხება დადებით და უარყოფით მხარეებს, ყველამ იცის, რომ სამწამიანში გვექნება დიდი უპირატესობა, მაგრამ ძალიან ჭკვიანურად უნდა გამოვიყენოთ ეს, რადგან გუნდები ამისთვის მზად იქნებიან. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, ილიას ზუროსი ისე დაგვალაგებს და ისე გამოიყენებს ამ უპირატესობას, რომ დაგვეხმარება თამაშის მოგებაში, ბიჭებიც ძალიან კარგ ფორმაში არიან, მონდომებულები არიან და ევრობასკეტამდე ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გუნდურადაც და ინდივიდუალურადაც ტურნირს ძალიან კარგად შევხვდეთ.

 

დარწმუნებული ვარ, ჩვენ ისეთი ხარისხი გვაქვს გუნდში, რომ ეს ასე იქნება. გუნდში გვყავს ძალიან გამოცდილი ვეტერანები და ძალიან კარგი ახალგაზრდები, რომლებმაც იციან მათი როლი, მეც ვიცი ჩემი როლი ამ გუნდში. ყველანი ძალიან კარგი განწყობით ვართ, გუნდში არის იდეალური სიტუაცია. ასეთ დიდ ტურნირებზე გულში უნდა გედოს, რომ გინდა მოგება, მე ასე ვარ და მაქსიმუმი ყოველთვის ესაა. თუ ვიტყვი, რომ მაქსიმუმი ჯგუფიდან გასვლაა თქვენც მოგატყუებთ, თავსაც მოვიტყუებ და არ იქნება სწორი. მოსაგები გვაქვს პირველი თამაში ბელგიასთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, პირველი თამაშის მოგება გამოგყვება აუცილებლად შემდეგ თამაშებზე. მოსაგები თამაშები უნდა მოვიგოთ და ჯგუფიდან უნდა გავიდეთ რაც შეიძლება მაღალი ადგილიდან, რადგან ნაკლებად რთული ოპონენტი შეგხვდეს. შესაბამისად ვფიქრობ, რომ მინიმუმი ჩვენი ჯგუფიდან გასვლაა, მაქსიმუმი კი ამ ჩემპიონატის მოგებაა.

გუნდის ლიდერი თორნიკე შენგელიაა, რომლის ენერგიაც მარტო თამაშებზე არ მოდის, ის ძალიან კარგი ლიდერია. როცა ევრობასკეტზე ვიყავი, თორნიკე ფორმის პიკში იყო და ყოველ ვარჯიშზე 100 პროცენტით იხარჯებოდა. ის ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. გიორგი ცინცაძეს ყველამ ვიცით რა შეუძლია, ვფიქრობ, რომ ყველა ძალიან კარგად ვთამაშობთ ერთად, როგორც ვთქვი, ყველამ თავისი როლი იცის, რაც ძალიან რთულია, რადგან შეიძლება გეგონოს, რომ მეტი შეგიძლია, მაგრამ ერთმანეთს ვენდობით, ვენდობით სამწვრთნელო სტაფს და ერთად უკეთესები ვიქნებით.

„ინდიანა პეისერსი

ყოველთვის მეტი გინდა ადამიანს და რა თქმა უნდა, კმაყოფილი არ ხარ, მაგრამ მთელი სეზონი არ მომიწია თამაში, ვიყავი თავშეკავებული, ვივარჯიშე, დაველოდე ჩემს მომენტს და როცა თამაში მომიწია, ვფიქრობ, რომ ნორმალურად ვითამაშე და დავამტკიცე, რომ მეტი შემიძლია და ვიმსახურებ თამაშს.

შემდეგი წელი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ბევრს ელის ჩემგან გუნდი. შეიძლება ბევრი რამე შეიცვალოს, ჯერ NBA-ის დრაფტია. შემდეგ სეზონს დაგეგმილი მაქვს, რომ ყველაზე კარგ ფორმაში უნდა შევხვდე. იყო ტრავმები და ბევრი ისეთი რამ, რაც ხელს მიშლიდა, ჯანმრთელად უნდა ვიყო ეს წელი და გავიარო ეს გზა ნაკრებთან ერთად, რაც კლუბურ კარიერაზე მნიშვნელოვანია. მთავარია მქონდეს საშუალება, რომ გამოვავლინო ჩემი თავი, იქნება ეს „ინდიანაში“ თუ სხვა გუნდში.

გულშემატკივრები

აზრი ორად არის გაყოფილი, ზოგიერთ ადამიანს მოწონს შენი თამაში, ზოგიერთს კი არა. ჩვენთანაც, როცა სხვა ქვეყნიდან ჩამოდის ვინმე, უფრო ვაკრიტიკებთ.

გუნდელებთან ურთიერთობა

ვისთანაც საერთო გამოვნახე, ყველა გუნდიდან გაუშვეს, გაცვალეს. ძალიან ახლოს ვიყავი ჯერემი ლემბთან, კარის ლევერტთან, ჯასტინ ჰოლიდეისთან და ახლა ვიტყვი, რომ ყველაზე ახლოს მალკოლმ ბროგდონთან ვარ, ერთად ვზივართ ხოლმე ყველგან, ძალიან ბევრ შეკითხვას ვუსვამ, მასაც შეუძლია რაღაცებზე არ მიპასუხოს, მაგრამ ყოველთვის ერთად ვართ.

თავისუფალი დრო იშვიათად მაქვს, თუ მაქვს სასტუმროში ვარ, შეხვედრაზე ვარ, გუნდი აწყობს ივენთებს, სადაც შეგიძლია წახვიდე. ერთად ვცხოვრობთ და დღეში 7-8 საათი ერთად ვართ.

NBA-ის პლეიოფი და სუპერფინალი

პლეიოფის არცერთი თამაშისთვის არ მიყურებია. რა თქმა უნდა, ვადევნებდი თვალს შედეგებს. რთულია, რადგან გინდა შენც იქ იყო, პლეიოფში იყო, ფინალში იყო და ბეჭედი მოიგო, შესაბამისად, რთულია ვინმეს უგულშემატკივრო, ამიტომ არცერთი თამაში მინახავს, ვიცი, რომ „გოლდენ სტეიტ უორიორსმა“ მოიგო, რაზეც სეზონის დაწყებამდე ყველას ეჭვი ეპარებოდა. ბედნიერი ვარ, რადგან ჩემი მწვრთნელი, დეიან მილოევიჩი არის ერთ-ერთი ასისტენტი და მინდა მივულოცო მას და ასევე ზაზა ფაჩულიას – ორი ბეჭედი მოთამაშის სტატუსით და ახლა კიდევ ერთი. ვფიქრობ, რომ საუკეთესო გუნდმა გაიმარჯვა, მათ ძალიან მაღალი დონის მოთამაშეები ჰყავთ და დაიმსახურეს.

პირობა გულშემატკივარს

გულშემატკივრებს ვპირდები, 100 პროცენტს გავაკეთებთ მთელი გუნდი, რომ ეს ევრობასკეტი იყოს საუკეთესო ჩვენი გუნდისთვის, რაც ყველას მიზანია, ყველას გონებაში და გულში გვაქვს საუკეთესო შედეგის ჩვენება. მაყურებელს მოწოდება არ სჭირდება, რადგან სულ გვერდში გვიდგას, მაგრამ მაინც ვეტყვი, რომ მათი მხარდაჭერა საერთოდ სხვა შეგრძნებაა და როცა გულშემატკივრები ასე გიჭერენ მხარს, იმაზე უფრო კარგად თამაშობ, ვიდრე შეგიძლია.