#ტაიმაუტი | ომარ თეთრაძე - მაკედონიასთან თამაშის დაწყებამდე ჩვენს ფეხბურთელებს ფერი არ ედოთ
#ტაიმაუტი | ომარ თეთრაძე - მაკედონიასთან თამაშის დაწყებამდე ჩვენს ფეხბურთელებს ფერი არ ედოთ

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტის“ სტუმარი, 35-საფეხბურთო სკოლის აღზრდილი ცნობილი ფეხბურთელი, თბილისის „დინამოს“, „რომასა“ და რუსეთის ნაკრების ყოფილი მოთამაშე ომარ თეთრაძე იყო.

იგი 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეა, 1994 და 1995 წლებში რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო მცველად დაასახელეს. ის საქართველოში ხშირად ჩამოდის, ჩვენს ჩემპიონატისა და ეროვნული ნაკრების თამაშებს თვალს მუდმივად ადევნებს. მან ევრო 2020-ზე საქართველოს ნაკრების ვერგასვლის მიზეზებზე ილაპარაკა.

„საქართველოდან 1990 წელს წავედი, მაგრამ სადაც მივდიოდი, ყველგან ქართველი ფეხბურთელები მიმყავდა და აქედან გამომდინარე, მათ თვალს სულ ვადევნებდი. ვიცი, რა დონის მოთამაშეები გვყავს. ვუყურე ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალს ჩრდილოეთ მაკედონიასთან და ჩვენი ნაკრების იმედი მქონდა. მაგრამ გასახდელიდან რომ გამოდიოდნენ, ჩემი აზრით, სახეზე ფერი არ ედოთ. მიმაჩნია, რომ ისინი ფსიქოლოგიურად გადაიწვნენ“, – ამბობს ომარ თეთრაძე.

მისი აზრით, ფეხბურთელებმა შესაძლებლობები სხვა რამის გამოც ვერ გამოავლინეს:

„ეს იყო ერთი თამაში და ფეხბურთელებს მოსაგებად ყველაფერი უნდა ექნათ, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ვერ შეძლეს. არადა, მეტოქე ისეთი ნაკრები ნამდვილად არ იყო, რომ ვერ მოგვეგო. სამწუხაროდ, ისიც ვერ გააკეთეს, რომ ღირსეულად წაეგოთ და მოედანზე გული დაედოთ. ეს ევროპის ლიგაზე თბილისის „ლოკომოტივმა“ გააკეთა და ღმერთმა ეს მონდომება დაუფასა“.

მის აზრით, შეცდომები მწვრთნელმაც დაუშვა:

„როდესაც გოლი გავუშვით, ვლადიმირ ვაისს, რომელსაც დიდი პატივს ვცემ, შეცვლები ეგრევე უნდა გაეკეთებინა. კვარაცხელია არ გვყავდა, მაგრამ დავითაშვილსაც ასევე შეუძლია თამაშის გამწვავება. სამწუხაროდ, შეცვლებმა ძალიან დაიგვიანა და წაგება მწვრთნელის ბრალიც იყო“.

ომარ თეთრაძე არაერთი რუსული კლუბის მთავარი მწვრთნელი იყო და ყველგან ქართველი მოთამაშეები მიჰყავდა. მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრების ბევრ ფეხბურთელს უთამაშია – ნუკრი რევიშვილს, ლაშა სალუქვაძეს, დავით კვირკველიას, გოჩა ხოჯავას, ედიკ საჯაიას, ოთარ მარცვალაძეს, მათე ვაწაძეს… რუსული მოქალაქეობის მიუხედავად, თეთრაძე ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობს.