ტაიმაუტი | ირაკლი ნაკაიძე - უეფა-მ დელეგატად „ბარსელონას“ თამაშზე რომ დამნიშნა, ძალიან ბედნიერი ვიყავი #1TVSPORT
ტაიმაუტი | ირაკლი ნაკაიძე - უეფა-მ დელეგატად „ბარსელონას“ თამაშზე რომ დამნიშნა, ძალიან ბედნიერი ვიყავი #1TVSPORT

როგორ მოიპოვა საქართველომ ახალგაზრდული ევრო 2023-ის მასპინძლობის უფლება? ამ კითხვას საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტის“ სტუმარმა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპორტული ღონისძიებების ხელმძღვანელმა და უეფა-ს დელეგატმა, ირაკლი ნაკაიძემ (რომელიც ახალგაზრდული ევრო 2023-ის საორგანიზაციო კომიტეტის წევრია) ხუმრობით უპასუხა.

„ეს ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის წარმოუდგენლად მაღალი დონის ტურნირია. როგორ მოვიპოვეთ მასპინძლობის უფლება? ეტყობა, კარგად მოვიქეცით. სერიოზულად კი ვიტყვი, რომ ძალიან მოვინდომეთ, რომ გვემასპინძლა და რა თქმა უნდა, აქ პოლიტიკური შემადგენელიც იყო. ზოგადად, ლევან კობიაშვილისა და დათო მუჯირის წვლილი ძალიან დიდია. ცხადია, უეფა-ს მოთხოვნები დავაკმაყოფილეთ“, – განაცხადა „ტაიმაუტში“ ირაკლი ნაკაიძემ

მან ისაუბრა, თუ რა ეტაპზეა ახალგაზრდული ევრო 2023-ის საორგანიზაციო სამუშაოები: „მართალია, ტურნირი ორ წელიწადში გაიმართება, მაგრამ მზადება უკვე დაწყებულია. ახლა უეფა-ს წარმომადგენლებს საორგანიზაციო კომიტეტის რამდენიმე წევრი პირველი სამუშაოების გასაცნობად შევხდით. აქტიური სამუშაოები აგვისტოდან უნდა დაიწყოს“.

ნაკაიძემ ევრო2023-ის სამზადისსა და კონკრეტულ საკითხებზე ილაპარაკა: „ევრო 2023-ს სამი ქალაქი უმასპინძლებს – თბილისი, ბათუმი და ფოთი. ერთი ჯგუფის თამაშები თბილისში „მიხეილ მესხსა“ და ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ გაიამრთება, ხოლო მეორე ჯგუფის – ფოთის და ბათუმის სტადიონებზე. თანამასპინძელი რუმინეთია, მაგრამ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფინალს ბათუმი უმასპინძლებს. ინფრასტრუქტურის ნაწილი მზადაა, მაგრამ დასავლეთ საქართველოში რაღაცები კიდევ დასამატებელია“.

ნაკაიძე, რომელიც უეფა-მ ბაქოში გასამართ მატჩებზე ევრო 2020-ის დელეგატად დანიშნა, თავისი საქმიანობით გამოწვეულ ემოციებზეც ლაპარაკობს: „ბავშვობიდან „ბარსელონას“ გულშემატკივარი ვიყავი და როდესაც უეფა-მ დელეგატად ამ გუნდის თამაშზე დამნიშნა, ძალიან ბედნიერი ვიყავი. ვფიქრობდი, საერთოდ ხომ არ შევეშვა ფეხბურთს-თქო. ბედნიერი კაცი ვარ, რადგან იმ საქმეს ვაკეთებ, რაც მიყვარს. რა თქმა უნდა, ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრაც ერთ-ერთი ოცნება იყო“.