ტაიმაუტი | ირაკლი ნაკაიძე - ევრო 2020-ზე დელეგატობა სასიამოვნო მოულოდნელობა იყო, ალბათ, გამოცდილება გაითვალისწინეს #1TVSPORT
ტაიმაუტი | ირაკლი ნაკაიძე - ევრო 2020-ზე დელეგატობა სასიამოვნო მოულოდნელობა იყო, ალბათ, გამოცდილება გაითვალისწინეს #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტის“ სტუმარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპორტული ღონისძიებების ხელმძღვანელი და უეფა-ს დელეგატი, ირაკლი ნაკაიძე იყო, რომელიც ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილებით, 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე დელეგატის რანგში იმუშავებს.

აღსანიშნავია, რომ უეფა-მ ამ რანგში მხოლოდ 11 პირი შეარჩია. ნაკაიძემ შერჩევის პროცედურაზე ილაპარაკა.

„ეს სასიამოვნო მოლოდნელობა იყო. ჩემთვის არაა ცნობილი, უეფა-ს კონრეტულად რა კრიტერიუმები გააჩნია. თუმცა, იყო შეზღუდვები – მაგალითად, ბაქოში აზერბაიჯანელი ვერ იქნებოდა, ასევე იმ გუნდის წარმომადგენელი, რომელიც იქ თამაშობს. სულ 300-მდე დელეგატი ვართ და ამ შეზღუდვებიდან გამომდინარე შეგვარჩიეს. თუმცა, ალბათ, გამოცდილება ერთ-ერთი ფაქტორი იყო, რადგან უეფა-ს ღონისძიებებზე 2011 წლიდან ვმუშაობ და ალბათ, ამან გავლენა მოახდინა“, – განაცხადა „ტაიმაუტის“ სტუმარმა.

ქართველი დელეგატი გათამაშების ერთ-ერთ მასპინძელ ქალაქში, ბაქოში იმუშავებს, სადაც ჯგუფური ეტაპის სამ (უელსი 12.06 შვეიცარია, თურქეთი 16.06 უელსი, შვეიცარია 20.06 თურქეთი) და მეოთხედფინალის (3 ივლისი) ერთ მატჩს მოემსახურება: „გამოცდილებას რაც შეეხება, დელეგატის რანგში ჩემპიონთა ლიგის 10-მდე თამაშს მოვემსახურე. მათ შორის, ყველაზე გამორჩეული 2019 წლის სეზონში „ბარსელონასა“ და „მანჩესტერის“ მეოთხედფინალური მატჩი იყო, ასევე „პარი სენ ჟერმენი“ – „მანჩესტერის“ შეხვედრა. ხელს ისიც მიწყობს, რომ ფეხბურთის ფედერაციაში მატჩების ორგანიზება მეხება და ამ კუთხითაც გამოცდილება მაქვს. ანუ, ამ კუთხით საქართველოში რა მნიშვნელოვანი ღონისძიებაც გამართულა, ჩართული ვიყავი“.

ევრო-2020-ს ქართველი დელეგატის თქმით, უეფა-ს ნდობით ამაყობს: „ჩემთვის ეს დანიშვნა ძალიან საპასუხისმგებლოა. ევრო2020 ძალიან დიდი ტურნირია და გახარებული ვარ, მაგრამ ეს მარტო ჩემი დამსახურება არ არის. მინდა, მივულოცო გიორგი ყრუაშვილს ახალაგზრდული ევროპის ჩემპიონატში ფინალის წარმატებული მსაჯობა. ეს ქართული ფეხბურთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ის პოტსაბჭოთა ქვეყნებიდან პირველია, ვინც ამ ფინალში იმსაჯა. ეს ყველაფერი ფედერაციის ბოლოდროინდელი წარმატებებიდან მოდის. 2023 წელს საქართველო ახალაგზრდულ ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, რაც ასევე დიდი წარმატებაა“.