#ტაიმაუტი | კახა ცხადაძე: საქართველოს ნაკრებს შეტევაში მრავალფეროვნება აკლდა

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ ყაზახეთიდან ჩაერთო კახა ცხადაძე, ჩვენი ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, რომელმაც ახლახან დაასრულა ყაზახურ „ორდაბასთან“ თანამშრომლობა. მან ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების გამოსვლა შეაფასა.

„არასოდეს შევეხები და გავაკრიტიკებ კოლეგის მუშაობას. საქართველოს ნაკრების გამოსვლაზე კი გლობალურად შემიძლია ვიმსჯელო და გუნდის თამაში შევაფასო. დავიწყოთ იქიდან, რომ მაკედონიასთან მატჩის წინ დიდი ეიფორია იყო. ამის საფუძველი ჩვენმა ნაკრებმა სწორედ თავისი თამაშებიდან გამომდინარე მოგვცა. ის ხომ ერთა ლიგაზე 2018 წლიდან წაუგებლად ასპარეზობდა.

რჩებოდა მხოლოდ ერთი დღე, ერთი მატჩი მაკედონიასთან, რომლის მოგების შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატის საგზურს მივიღებდით. თამაშის წინ ფეხბურთელებსაც მივმართე და ვთხოვე, ემოციები თამაშისთვის შემოენახათ. სწორედ მოედანზე გვჭირდებოდა დიდი ემოცია, რაც ასეთ მნიშვნელოვან მატჩს მოგვაგებინებდა.  მსგავს სიტუაციებში ბევრი რამ დამოკიდებულია გუნდის ლიდერებზე, რომლებიც საქართველოს ნაკრებში ნამდვილად გვყავს.

სამწუხაროდ, განმეორდა ის, რაზეც ბელარუსთან თამაშის შემდეგ გავამახვილე ყურადღება – შეტევაში გვაკლდა მრავალფეროვნება. შეტევითი პოტენციალი ორ ფეხბურთელზე იყო დამყარებული, კვარაცხელიასა და ოქრიაშვილზე. ნებისმიერი გუნდისთვის რთულია კვარაცხელიას დარი ფეხბურთელის გამოკლების შემდეგ ორ დღეში გადაწყობა. საქართველოს ნაკრებს არ აღმოაჩნდა მრავალფეროვნება შეტევაში. გავიხსენოთ თუნდაც ისლანდიის ნაკრები, რომელიც საუკეთესოდ დამუშავებული სტანდარტული მდგომარეობებით გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე. ჩვენ სტანდარტულების მხრივ ნაკლებად სახიფათონი ვიყავით.

ძალიან მომწონდა არსენ ვენგერის მუშაობის სტილი, რომელიც კრიტიკულ სიტუაციებში 78-80-ე წუთებიდან ორი ღონერი, მაღალი ცენტრფორვარდით თამაშობდა – ძალისმიერი ფეხბურთით ცდილობდა ბოლო 10-15 წუთში ფონს გასვლას. ჩვენს ნაკრებსაც აქვს სამაგისო რესურსი – ჰყავს ნიკა კაჭარავა და ელგუჯა ლობჯანიძე…

ისევე როგორც დაცვაში, არც შეტევაში უნდა იყოს ბალანსი დარღვეული. ვუტევდით ძირითადად ცენტრიდან, თუმცა ძალიან გვიჭირდა მწვავე პასის გაკეთება მაშინ, როცა მეტოქე მთელი გუნდით საკუთარ ნახევარზე იყო. ფლანგების დატვირთვა მეტად შეიძლებოდა. ფლანგური გადაცემები ძალიან ცოტა იყო. რიგ მომენტებში მეორე ნომრად თამაშიც დასაშვებია, რათა მეტოქის ნახევარზე სივრცეები შეიქმნას სწრაფი შეტევისთვის.

საერთოდ კი, ერთა ლიგის ბოლო ორ მატჩისთვის ძალიან რთული იქნებოდა ემოციური ფონის გაუმჯობესება. მაკედონიასთან მარცხმა ფეხბურთელებზე ძალიან იმოქმედა. დარწმუნებული ვარ მწვრთნელმა დიდი სამუშაო გასწია, რომ გუნდისთვის ემოცია დაებრუნებინა. ახალი მწვრთნელის მოსვლა ამ მიმართულებით, გარკვეულწილად დადებითად მოქმედებს, მაგრამ თუნდაც ესტონეთთან მოსაგებად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.“