ტაიმაუტი | დავით მუჯირი - გიორგი წიტაიშვილი უკრაინიდან ერთობლივი ძალებით გამოვიყვანეთ #1TVSPORT
ტაიმაუტი | დავით მუჯირი - გიორგი წიტაიშვილი უკრაინიდან ერთობლივი ძალებით გამოვიყვანეთ #1TVSPORT

დავით მუჯირმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ტაიმაუტი“ განაცხადა, რომ უკრაინაში მოთამაშე ქართველ ფეხბურთელებთან და ამ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციასთან რუსული აგრესიის პირველივე დღიდან ყოველდღიური კონტაქტი აქვთ.

ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის თქმით, საქართველოს ნაკრების და ოდესის „ჩერნომორეცის“ შემტევი ნახევარმცველის, გიორგი წიტაიშვილის გამოყვანა „შერიფის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ვაჟა თარხნიშვილის დახმარებით მოხერხდა.

„უკრაინაში რუსეთის აგრესიის პირველივე დღიდან ყველასთან პირადი კომუნიკაცია გვქონდა. გიორგი წიტაიშვილი ქვეყნიდან ერთობლივი ძალებით გამოვიყვანეთ და თბილისშია. ბექა ვაჩიბერაძეს და საბა კვირკველიასაც ვესაუბრეთ და რაც მათთვის უსაფრთხო იქნება, ისე გააკეთებენ.

სხვათა შორის, „შერიფის“ გენერალური მდივანი ვაჟა თარხნიშვილი დაგვეხმარა, პირადი კომუნიკაცია გვქონდა და გიორგი დროებით „შერიფის“ ბაზაზე ჰყავდა. ამისთვის მას პირადად მე, ლევანი, ფეხბურთის ფედერაცია დიდ მადლობას გადავუხდით.

ახლა უკრაინიდან 18-დან 60 წლამდე მამაკაცების გაყვანა აიკრძალა და მნიშვნელოვანია ოჯახის წევრების გახიზვნა, რომელთაც შესაძლოა, საფრთხე ემუქრებოდეთ. მათთან ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს და ვცდილობთ, თუნდაც მორალური თანადგომა ვაგრძნობინოთ.

როგორც კი კონფლიქტი დაიწყო და ჩვენი მეგობრების, კოლეგებისა და მათი ოჯახების წევრების საფრთხე შეიქმნა, მაშინვე დავუკავშირდით. ლევან კობიაშვილი თავის უკრაინელ კოლეგას, ანდრეი პავლენკოს ესაუბრა, მე კი ჩემს კოლეგას, იური ზაპისოცკის.

მათ დავპირდით ყველანაირ შესაძლო დახმარებას, მათ შორის, თუნდაც, ოჯახის წევრების ჩვენთან შეფარებას თუ გადაწყვეტენ – ცხადია, ნერვიულობენ და გვერდში უნდა დავუდგეთ.