სუპერლიგის მეოთხედფინალი - „ქუთაისმა“ „დინამოს“ გაუთანაბრა #1TVSPORT
სუპერლიგის მეოთხედფინალურ სერიაში, რომელშიც „ქუთაისი“ და „დინამო“ ხვდებიან, მესამე, გადამწყვეტი მატჩი დაინიშნა. ამ გუნდებს შორის ნახევარფინალში გავა ის, რომელიც 9 მაისს, ქუთაისის სპორტის სასახლეში, 18:00 საათზე დანიშნულ შეხვედრას მოიგებს.
კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა ქუთაისელებმა დღეს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში „დინამოს“ 94:79 სძლიეს და მეოთხედფინალურ სერიაში ანგარიში 1:1 გაათანაბრეს.
მატჩი დაძაბული გამოდგა. განსაკუთრებით საწყისი სამი პერიოდი. უმეტესად ქუთაისელები იგებდნენ, რომლებიც სტაბილურად კარგად თამაშობდნენ როგორც წინა, ისე უკანა ხაზში. ფარქვეშ ილია ლონდარიძისა და აკაკი დვალიშვილის წყვილი მოქმედებდა, პერიმეტრზე კი კაჰიმ რენსომი, დეჟან რაითი და ლუკ მეიერი აქტიურობდნენ.
ქუთაისელებს ჟოელ ალმეიდამ ულიდერა, რომელმაც 18 ქულა, 8 მოხსნა, 5 პასი და 3 ჩაჭრა მოაგროვა. 21 ქულით ბომბარდირი გახდა ლუკ მეიერი. 14 ქულა დეჟან რაითმა, ხოლო 10 ქულა და 7 მოხსნა აკაკი დვალიშვილმა მიითვალეს. „დინამოში“ 16 ქულითა და 8 მოხსნით საუკეთესო იყო მაიკლ ედვარდსი. 18 ქულით ბომბარდირი ლუკა ბულაშვილი გახდა.
როგორც აღვნიშნეთ, სერიის მესამე, გადამწყვეტი მატჩი 9 მაისს, ქუთაისში გაიმართება.