ბრძოლა მოედანსა და სათადარიგოთა სკამზე - სუპერლიგაში პლეი ოფი დაიწყო [ვიდეო] #1TVSPORT

სუპერლიგაში საპლეიოფო ორთაბრძოლები დაიწყო. ოლიმპიურ სასახლეში ერთმანეთის პირისპირ „კაკტუსი“ და „ვერა“ წარდგნენ. შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალური სერია 2 მოგებამდეა, რაც იმას ნიშნავს, რომ დავით გასიტაშვილის გაწვრთნილ ვერას ნახევარფინალში გასვლამდე 1 გამარჯვება აკლია.

სერიის პირველი შეხვედრა ვერელებმა მოიგეს. შეხვედრის საბოლოო ანგარიშია 88:83, რაც კარგად გამოხატავს შეხვედრაში გუნდების ძალთა თანაფარდობას.

კაკტუსს“ არ ეყო ძალა და სათადარიგოთა სკამის „სიღრმე“, რათა ლიდერობა შეენარჩუნებინა და გამარჯვებამდე მისულიყო. კაკტუსელებს გამოაკლდათ 2 ლეგიონერი – დარიუს უილიამსი და დარიუს როი, რითაც ჟღენტის გუნდმა ის მუხტი დაკარგა, რამაც პლეი ოფამდე მიიყვანა.

გამარჯვებულ ვერელებს 24 ქულით ლუკა მაზიაშვილმა ულიდერა. 16 ქულა აარონ პარკსმა, ხოლო 15 – ვახტანგ ქადარიამ მიითვალეს. გივი ბაქრაძის ანგარიშზე 14 ქულა, 6 მოხსნა და 6 პასი დაგროვდა. „კაკტუსში“ 26 ქულით საუკეთესო იყო სამაი ჰაინს-ჯონსი, 18 ქულა და 13 მოხსნა ეი ჯეი სამბრის ანგარიშზეა.

ამ წყვილში მეოთხედფინალური სერიის მეორე მატჩი 8 მაისს, ოლიმპიურ სასახლეში, 13:00 საათზე გაიმართება.

მეოთხედფინალური სერია გამარჯვებით დაიწყო „ცხუმ-აფხაზეთმა“, რომელმაც მეტოქე „ოლიმპს“ დამაჯერებელი სხვაობით – 97:74 სძლია და ნახევარფინალს მიუახლოვდა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილ ცხუმელებს არ გასჭირვებიათ მეტოქის ძლევა, არადა, აღნიშნულ მატჩში გულშემატკივრები ძალიან თანაბარ და საინტერესო ორთაბრძოლას ელოდნენ.

სერია არ დასრულებულა და ყველაფერი ჯერ წინაა. „ცხუმ-აფხაზეთმა“ ჯერ მხოლოდ 1 შეხვედრა მოიგო და შესაძლოა, ყველაფერი სხვა სცენარით წარიმართოს, თუმცა ამ მომენტისთვის, პირველი შეხვედრიდან გამომდინარე, ჩერქეზიშვილის გუნდს სოლიდური უპირატესობა აქვს.

მესამე პერიოდში ცხუმ-აფხაზეთის ლიდერობამ 20 ქულას გადააჭარბა და მატჩის ბედიც ფაქტობრივად გაირკვა. ცხუმელები აუღელვებლად მივიდნენ გამარჯვებამდე და სერიაში 1:0 დაწინაურდნენ. გუნდს ეროვნული ნაკრების წევრმა, ალექსანდრე ფევაძემ ულიდერა, რომელმაც 24 ქულა და 13 მოხსნა მოაგროვა. 20 ქულა ჩააგდო ჯოშუა მაკფოლმა, 11-11 ქულა კი ზურაბ მაჩალაძემ, ტაილერ გრინმა და ნოდარ გოგოძემ მიითვალეს. „ოლიმპში“ 19 ქულით ბომბარდირი გახდა ოთარ ფხაკაძე, 15 ქულა კახა ჯინჭარაძემ მიითვალა, 11 ქულა და 6 მოხსნა დევანტე ფოსტერის ანგარიშზე დაგროვდა.

ფოსტერი მომდევნო მატჩებში გუნდს ვეღარ დაეხმარება. მიზეზი თანაგუნდელ დავით აბულაძესთან ჩხუბია, რომელიც შუა მატჩისას მოხდა. ფოსტერმა მოედნიდან გასვლის შემდეგ აბულაძეს ხელი არ ჩამოართვა. მან ფეხი გაუწია, რამაც ამერიკელი გააცხარა და ჩხუბიც აქ დაიწყო. მოთამაშეები თანაგუნდელებმა გააშველეს. ორივეს დისკვალიფიკაცია ემუქრება.

სერიის მეორე შეხვედრა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 8 მაისს, 17:30 საათზე გაიმართება. გამარჯვების შემთხვევაში „ცხუმ-აფხაზეთი“ ნახევარფინალში გავა, ხოლო თუ „ოლიმპი“ იმარჯვებს, მესამე, გადამწყვეტი მატჩი, 10 მაისს ჩატარდება.

სატურნირო ცხრილის გათვალისწინებით, მეოთხედფინალური სერიის ყველაზე არათანაბარი წყვილია „რუსთავი“ – თსუ. ქვემოქართლელებმა რეგულარული ჩემპიონატი მოიგეს, თსუ კი პლეი ოფში მე-8 ადგილიდან, დიდი ბრძოლის შედეგად გავიდა.

რეგულარული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ თსუ-ს რამდენიმე წევრმა კორონავირუსი გადაიტანა, გუნდი სრული შემადგენლობით თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და პლეი ოფისთვის სათანადოდ მომზადება ვერ მოახერხა. ამას დაერთო ლეგიონერისა და ერთ-ერთი ლიდერის, ქუენტინ დავის ტრავმა, ხოლო „რუსთავთან“ მეოთხედფინალური სერიის პირველი მატჩის წინა დღეს არჩილ პულუზაშვილმა ვარჯიშზე ფეხი ამოიბრუნა და თსუ ფაქტობრივად მეფარის გარეშე დარჩა.

მწვრთნელი იძულებული გახდა, ცენტრის პოზიციაზე სასტარტო ხუთეულში სრულიად გამოუცდელი, 17 წლის გიორგი მესხი დაეყენებინა, რომელიც მიმდინარე სუპერლიგაში აქამდე მხოლოდ 3 მატჩში, ისიც სიმბოლური დროით გამოჩნდა. თსუ-ს ტაქტიკა შორი სროლებისა და სწრაფი გარღვევების განხორციელება გახლდათ, რაც 3 პერიოდის განმავლობაში ჭრიდა და ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილი გუნდი ლიდერობდა.

თსუ-მ მესამე პერიოდის ბოლო წამებზე ლიდერობა დაკარგა და ბოლო პერიოდში მოედანზე მხოლოდ ერთი, ქვემოქართლური გუნდი დომინირებდა.

რუსთაველებმა საბოლოოდ „დაიპყრეს“ თსუ-ს ფარქვეშეთი, რითაც მატჩზე სრული კონტროლი დაამყარეს. საბოლოოდ ქვემოქართლელებმა 97:77 დაამარცხეს თსუ და მეოთხედფინალურ სერიაში 1:0 დაწინაურდნენ.

გამარჯვებულთაგან საუკეთესო შედეგი მაიკ დევისმა დააფიქსირა – 23 ქულა, 12 მოხსნა, 5 პასი. დევიდ ოკეკემ 22 ქულა და 14 მოხსნა მიითვალა. ჯილან ვაშინგტონის ანგარიშზე 17 ქულა და 14 მოხსნა დაგროვდა. თსუ-ს ორმა ლეგიონერმა ულიდერა: ბრენდონ სლაიმ 23 ქულა მიითვალა, რიჩარდ ქალდველის ანგარიშზე კი 21 ქულა და 9 მოხსნა დაგროვდა. მიხეილ ჭოჭუამ შეხვედრა 13 ქულით დაასრულა.

მეოთხედფინალური სერიის მეორე მატჩი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 8 მაისს, 15:30 საათზე გაიმართება.

gbf.ge