სოზარ სუბარი - დარწმუნებული ვარ, იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური ყველაფერს აკეთებენ, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული სააკაშვილის ჯანმრთელობის უფლება
სოზარ სუბარი - დარწმუნებული ვარ, იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური ყველაფერს აკეთებენ, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული სააკაშვილის ჯანმრთელობის უფლება

სააკაშვილის უფლება ჯანმრთელობაზე სათანადოდ უნდა იყოს დაცული ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა პატიმრის უფლება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„შეიძლება, ბევრი პატიმარი და მათი ოჯახის წევრები გავაღიზიანო კიდევაც და განსაკუთრებით, ის პატიმრები, რომლებიც სწორედ სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში იხდიდნენ სასჯელს, მაგრამ როცა საქმე ყოფილ პრეზიდენტს ეხება, მაინც ვიტყვი, რომ მის ჯანმრთელობას შეიძლება მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება, ოღონდ, სწორედ ჯანმრთელობას და არა სპეკულაციებს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა პლენარულ სხდომაზე.

სოზარ სუბარის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური ყველაფერს აკეთებს, როგორც მიხეილ სააკაშვილის ასევე ნებისმიერი სხვა პატიმრის ჯანმრთელობის უფლების დასაცავად.

„აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური ყველაფერს აკეთებენ, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული როგორც სააკაშვილის, ასევე, ნებისმიერი სხვა პატიმრის ჯანმრთელობის უფლება. მაგრამ ვერანაირი ჯანდაცვის სისტემა ვერ დაიცავს ადამიანის ჯანმრთელობას სავარაუდო აგრავაციის პირობებში. განვლილი ექვსი თვის განმავლობაში ძალიან ბევრი სპეკულაცია მოვისმინეთ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, მაგალითად, ადამიანები, რომლებსაც აქვთ პრეტენზია, თითქოს არიან კვალიფიციური ექიმები თუ ექსპერტები, სრული სერიოზულობით ამტკიცებდნენ, თითქოს ხდებოდა პატიმრის დასხივება მომაკვდინებელი სხივებით, თითქოს ადგილი ჰქონდა ციკლურ წამებას, ფარმაკოლოგიურ წამებას, „ინვალიდიზაციას“ და ასე შემდეგ. ბოდიშს ვიხდი ამ აშკარად დისკრიმინაციული ტერმინის ხმარებისთვის, უბრალოდ, ციტირება მოვახდინე. ყველა ბრალდების აბსურდულობა მალე ვლინდება ხოლმე, რაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამაც დაადასტურა, თუმცა, სიმულაციებთან და აგრავაციის მცდელობასთან გადაჯაჭვული ბრალდებები პერიოდულად ახალი ძალით იფეთქებს ხოლმე“, – განაცხადა დეპუტატმა.

სოზარ სუბარმა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ციხეებში არსებული მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.

„საზოგადოება კარგად არჩევს ტყუილს და მართალს, მაგრამ ზოგჯერ გონი მაინც დროა ხოლმე, რომ გავიხსენოთ უახლოესი წარსული, თუ რა ხდებოდა 10 წლის წინ საქართველოს ციხეებში. 2004 წლის დასაწყისში საქართველოში 6 000 პატიმარი იყო. რამდენიმე წელიწადში ოთხჯერ გაიზარდა და 24 ათასს გადააჭარბა პატიმრების რაოდენობამ. ჩვეულებრივი მოვლენა იყო, როცა ოცკაციან საკანში 120 პატიმარი იყო და რიგ-რიგობით საწოლიც კი არ ხვდებოდათ, ზეწრით ან საკუთარი ტანსაცმლით მიებმებოდნენ და ისე ეძინათ ფეხზე მდგომებს. ოჯახის წევრებთან შეხვედრა, სატელეფონო ზარი, აბანო, სეირნობის უფლება – ამაზე ოცნებაც კი წარმოუდგენელი იყო. პატიმრების წამება, ღირსების ხელყოფა იყო სისტემური პრაქტიკა. 30 ათასზე მეტი საჩივარი დაიწერა პატიმრების მხრიდან იმ წლების განმავლობაში, საიდანაც 6 ათასი საჩივარი პატიმრების წამებას უკავშირდებოდა. სტრასბურგში ყოველწლიურად 600-დან 800 საჩივარი იგზავნებოდა, საიდანაც მნიშვნელოვანი ნაწილი იყო სწორედ ციხეებიდან გაგზავნილი. შევადარებ, რომ შარშან, მთლიანად 60 საჩივარი იყო მხოლოდ გაგზავნილი. ყოველ 10 ათას პატიმარზე, დაახლოებით, 70 კაცი კვდებოდა. მთლიანობაში, ეს იყო 140-150 პატიმრის სიკვდილი. მაშინ, როცა საშუალო ევროპული მაჩვენებელი იმავე წლებში იყო 32 პატიმრის სიკვდილი ყოველ 10 ათას პატიმარზე. წელს, საქართველოში, „ქართული ოცნების“ მმართველობაში მოსვლის შემდეგ, საშუალო სიკვდილიანობა არის 15 კაცი, რაც ორჯერ ნაკლებია საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე და ოთხ-ნახევარჯერ ნაკლებია სააკაშვილის რეჟიმის დროინდელ მაჩვენებელზე“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.